აზერბაიჯანელი დეპუტატი თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო რუსეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

რასიმ მუსაბეკოვი

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის [პარლამენტის] საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, პოლიტოლოგი რასიმ მუსაბეკოვი ამტკიცებს, რომ Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო, შესაბამისად მოსკოვმა ბოდიში უნდა მოიხადოს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე, გროზნოს თავზე ჩამოაგდეს. ამის უარყოფა შეუძლებელია“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, ისინი, ვინც ეს აქტი ჩაიდინა, უნდა დაისაჯონ. „ის, ვინც ეს ჩაიდინა, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული, ადამიანების დაღუპვისა და დაშავებულების გამო საჭიროა კომპენსაციების გადახდა. თუ ეს ასე არ მოხდება, რა თქმა უნდა, ურთიერთობები სხვა განზომილებაში გადავა“, - დასძინა მან.

Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან 25 დეკემბერს ჩამოვარდა. ის ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. კატასტროფისას თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 38 დაიღუპა.

თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ თვითმფრინავს ჩიტები შეეჯახნენ, რამაც ავიაკატასტროფა გამოიწვია, თუმცა შემდეგ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, რომ თვითმფრინავი რუსების მიერ ნასროლმა „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის რაკეტამ დააზიანა, რამაც მისი ჩამოვარდნა განაპირობა.