ყველა ნიშანია იმისა, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დადასტურებულად მიიღებს 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას - ლადო ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

"ვხედავთ, რომ ისინი მართავენ შეხვედრებს რეგიონებში, ასევე, უკვე დაწყებულია ტრენინგები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუმცა, რადგან გარედან არ აქვთ საბოლოო დავალება მიღებული, უნდა მიიღონ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ამიტომ ამას არ აღიარებენ," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, ლადო ბოჟაძემ თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ყველა ნიშანია იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

"რაც შეეხება პარლამენტის არჩევნებს - შეგახსენებთ, რომ პარლამენტის არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს. თუ ასე ადრე დაიწყეს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, კი ბატონო, თუმცა, ყველა ნიშანია იმისა, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დადასტურებულად მიიღებს 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვს.

"ოპოზიცია უკვე არის იქ, სადაც არის - ეს არის პოლიტიკური სანაგვე, ეს არის ნულოვანი რეიტინგი და მხარდაჭერა საქართველოს ამომრჩევლების მხრიდან. მარცხისთვის არის განწირული რადიკალიზმი პოლიტიკაში, საქართველოს რეალობაში და თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც არის კარს მომდგარი, იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ქართველი ხალხი ჩვენი ქვეყნის წარმატებას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას უჭერს მხარს და არა რადიკალიზმს, არა "მაიდანს", არა ცეცხლს და ომს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი