ყველა მონაპოვარი, რომელიც, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპასთან ურთიერთობის შედეგად გვაქვს, საფრთხის ქვეშაა - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. დღის წესრიგშია 29 იანვარს მიღებული რეზოლუცია, რომელშიც საუბარია საქართველოს დელეგაციის მანდატების კონკრეტული პირობებით აღიარებაზე, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებაზე. ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

დღეს სტრასბურგში დაგეგმილ განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა - "სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ", - აცხადებს სპიკერი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ყველა მონაპოვარი ბოლო ათწლეულების მანძილზე ევროპასთან ურთიერთობის შედეგად რაც აქვს ქვეყანას, საფრთხის ქვეშ არის.

"ყველა მონაპოვარი ბოლო ათწლეულების მანძილზე ევროპასთან ურთიერთობის შედეგად რაც გვაქვს, არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა, არის საფრთხის ქვეშ. მნიშვნელოვანია, როცა საპარლამენტო ასამბლეაზე ვსაუბრობთ, ეს არის საპარლამენტო ასამბლეა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხოლმე ადამიანის უფლებებს. ამიტომაც, ბოლო თვეების მანძილზე, იმდენი ფაქტი ვიხილეთ ჩვენ, რომ წამების, არაადამიანურ მოპყრობის და არავინ არ დასჯილა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში იქნება უმწვავესი განცხადებები გაკეთებული საქართველოს თაობაზე. ნებისმიერი ევროკავშირის ინსტიტუციის პოზიცია იქნება ძალიან მწვავე და იქნება ნეგატიური შედეგების მომტანი ყოველ ჯერზე", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.