ყველა ჩვენი გუნდის წარმატებას ველოდებით და ყველა ვცდილობთ ავარიდოთ ჩვენი გუნდი ასეთი ფსიქოლოგიურ სტრესს - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

ფეხბურთის ფედერაცია სალომე ზურაბიშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც წარდგენილ სიაში ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.

“ქართული ოცნების“ განცხადებით, პრეზიდენტმა ღირსების ორდენზე წარდგენილი 53 კაციანი სიიდან, 19 პირი ამოიღო. თავდაპირველ სიაში ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და მენეჯმენტი იყო შეყვანილი.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის,რომ ამ რთულ მომენტში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავიდან აიცილონ ყველა სახის სტრესი.

“თემაა შემოტანილი პოლიტიკურ ველზე განსახილველად. კი, სალაპარაკოა, მნიშვნელოვანია და ცუდი დასკვნების გაკეთება შეიძლება. ყველაზე ცუდი არის ასეთი თემის შემოტანა, რომელიც პოლიტიკური დისკუსიების საგნად იქცა, მით უმეტეს, ასეთ საგანგებო პერიოდში, როდესაც ყველა ჩვენი გუნდის წარმატებას ველოდებით და ყველა ვცდილობთ ავარიდოთ ჩვენი გუნდი ასეთი ფსიქოლოგიურ სტრესს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით 13 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები, რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჯილდოების გადაცემის ცერემონია სექტემბერში გაიმართება. მოგვიანებით, პრეზიდენტის ხელმოწერილი განკარგულებიდან ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა.