„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
მივმართავ ყველა თბილისელს, რომელთან ერთადაც ჩვენ გაგვიტარებია დიდი დრო საპროტესტო აქციებზე 7 ნოემბერსაც, 26 მაისსაც. ყველა ამ ადამიანს, ვინც თავს გრძნობს მოტყუებულად, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ არჩევნებზე და შემოხაზოთ ნომერი 7, „თავისუფალი საქართველო“, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
კუკავას თქმით, დღეს მოქალაქეები „ქართული ოცნების“ მიერ მოტყუებული არიან.
„მინდა, მივმართო ყველა თბილისელს, რომელთან ერთადაც ჩვენ გაგვიტარებია ძალიან დიდი დრო საპროტესტო აქციებზე 7 ნოემბერსაც, 26 მაისსაც. 2012-ში ამ ადამიანებმა, თქვენ მხარი დაუჭირეთ ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და დღეს თქვენ ხართ სუყველანი მოტყუებული. დღეს არავის არ ახსოვხართ და დღეს „ქართულ ოცნებაში“ აბსოლუტურად ყველა არის პორტირებული „ნაცი“. არც პრემიერ-მინისტრი კობახიძე, არც პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი და არცერთი მათგანი ჩვენ არასდროს არ გვინახავს საპროტესტო აქციებზე. დღეს ღარიბაშვილის წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და სამაგიეროდ, გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძე განაგებს მართლმსაჯულების სისტემას.
ყველა ამ ადამიანს, ვინც თავს გრძნობს მოტყუებულად, მოგიწოდებთ, რომ ვერ გადაუხდით უფრო უკეთესად ხელისუფლებას სამაგიეროს, ვიდრე ის, რომ მოხვიდეთ არჩევნებზე და შემოხაზოთ ნომერი 7 „თავისუფალი საქართველო“. ნახავთ, როგორ უცებ გაახსენდებით „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს, როგორ მოგაქცევენ ყურადღებას, როგორ მოხსნიან მურუსიძეს და როგორ დაიწყებენ საკუთარ შეცდომებზე საუბარს. ამიტომაც, ყველას მოგიწოდებთ, 7 ნომერი არის ხელისუფლების სკლეროზის წამალი“, – აღნიშნა კახა კუკავამ.
საქართველოს პირველი არხის ეთერში 2025 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება.
დებატებში მონაწილეობენ შემდეგი კანდიდატები:
„ენა მამული სარწმუნოება“ – თემურ ბოკელავაძე (საარჩევნო ნომერი 1); „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – ზურაბ მახარაძე (საარჩევნო ნომერი 3); „თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა (საარჩევნო ნომერი 7); „პატრიოტთა ალიანსი“ – ოთარ ჭითანავა (საარჩევნო ნომერი 8); „ძლიერი საქართველოსთვის – ლელო“ – ირაკლი კუპრაძე (საარჩევნო ნომერი 9); „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი (საარჩევნო ნომერი 11); „მწვანეთა პარტია“ – გიორგი გაჩეჩილაძე (საარჩევნო ნომერი 12); „გირჩი“ – იაგო ხვიჩია (საარჩევნო ნომერი 36); „ქართული ოცნება“ – კახა კალაძე (საარჩევნო ნომერი 41).