1745863963
ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ - სამხედროებს. ყველგან და ყოველთვის, სადაც გიბრძოლიათ, თქვენ საუკეთესოდ წარმოაჩენდით ჩვენს ქვეყანასა და მის გაუტეხელ ბუნებას - ირაკლი ჩიქოვანი

მოგესალმებით და გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, მის 34 იუბილეს. სამ ათეულ წელზე მეტია სიმტკიცე, გამძლეობა და თავგანწირვა თანმდევია ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, რომელმაც გმირობითა და სისხლით დაწერა ჩვენი ისტორია ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, - განაცხადა საქართველოს თავდაცვმის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„სწორედ ამიტომაც არის ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო, ამიტომაც იმსახურებს იგი თითოეული ჩვენი მოქალაქის განსაკუთრებულ სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას.
ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ - სამხედროებს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს, რიგითებს, ჩვენი ერისა და ქართული მიწა-წყლის შეუპოვარ დამცველებს.
ყველგან და ყოველთვის, სადაც გიბრძოლიათ, თქვენ საუკეთესოდ წარმოაჩენდით ჩვენს ქვეყანასა და მის გაუტეხელ ბუნებას. თქვენ თავს უძღვნით ჩვენს სამშობლოს, რაც მუდმივ მზადყოფნასა და უპირობო დისციპლინას გულისხმობს.
ეს კი განსხვავებულ ცხოვრების წესს მოითხოვს თქვენგან, რაც მუდმივ თანადგომას და ხელშეწყობას საჭიროებს თქვენი ოჯახების მხრიდან.
სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით თქვენს ოჯახებს, რომლებიც თითოეული სამხედრო მოსამსახურის საყრდენი და მხარდამჭერია.
დიდი მადლობა ყველას, თქვენ აძლიერებთ თავდაცვის ძალების ღირსეულ სამხედროებს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.