გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
„ქართულ ოცნებას“ არ გამოუვიდა, რომ 4 ოქტომბრისთვის „ძალადობრივი აქციის“ იარლიყი მიეწებებინა. ეს არ იყო ძალადობრივი აქცია, ეს იყო არაძალადობრივი აქცია, რომელსაც შევუერთდით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მთლიანობაში, ამ აქციამ თავისი როლი შეასრულა.
„როგორც არაძალადობრივი იყო ჩვენი ქმედებები, ისე უნდა გაგრძელდეს. ქართველ ხალხს არავისზე არ სჭირდება ძალადობა, რადგან ჩვენ მხარეს არის სიმართლე, მით უმეტეს, სიმრავლე არის ჩვენ მხარეს. მთლიანობაში, ამ აქციამ თავისი როლი შეასრულა. ახლა „ქოცური“ პროპაგანდა ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობა“ არამარტო იურიდიულად, პოლიტიკურად გაანადგუროს, თითქოს ჩვენ ვართ მოძალადეები, გადამტრიალებლები. სად არის ის ხუთი საქმე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით ჩვენ წინააღმდეგ აღძრეს?“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ამასთან, ბარამიძემ გაიხსენა პარტიის პოლიტსაბჭოზე პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრა. მისი თქმით, ბურჭულაძეს აღნიშნულ შეხვედრაზე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმებზე არ უსაუბრია.
„ჩვენ შეკითხვები დავუსვით, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ შემდეგ გაგვაცნობდა ამ გეგმებს, უფრო სწორად, საჯაროდ განვაცხადებო. სხვათა შორის, იყო რჩევა, რომ სადაც 30-მა კაცმა იცის, იქ სუს-მა აუცილებლად იცის. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეს გეგმა შეიძლება ორ ადამიანს სცოდნოდა – თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს, მაგრამ ისე მოხდა, რომ პაატა ბურჭულაძემ არ გაგვაცნო. ჩვენ ამ აქციისადმი მხარდაჭერა უკან არ წაგვიღია, რადგან პაატა ბურჭულაძე ყოველთვის ამბობდა, რომ იქნება მშვიდობიანი აქცია. პოლიტსაბჭოს სხდომაზე უფრო მეტიც ისაუბრა, მაგრამ არა კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით, რადგან პოლიტსაბჭო 120-კაციანია და, დარწმუნებული ვარ, მოსასმენი აპარატურა ან ვიღაც გადაბირებული შეიძლება ჰყავდეს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვუთხარით, 120 კაცში ვერ იტყვით, ამიტომ ორმა ადამიანმა მაინც იცოდესო. სამწუხაროდ, ეს არ გააკეთეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკან არ წაგვიღია ის განცხადება, რომელიც პოლიტსაბჭოს სხდომაზე გავაკეთეთ. შესაბამისად, მისი სიტყვები, რასაც აცხადებდა, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რაც ჩვენთვის მისაღები იყო. სხვებმაც რომ დააანონსონ მსგავსი აქცია, მასაც შევუერთდებით“, – განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ითანამშრომლებს ყველა ძალასთან, რომელსაც „ჯანსაღი პოზიცია“ აქვს.
„ვინც „ქოცური“ პროპაგანდის შესაბამისად ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაარტყას იმის პარალელურად, როდესაც „ქოცები“ მე-14 წელია, ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებას, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ რეჟიმს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შეცვლის და დაამარცხებს, არის ბრიყვი, იდიოტი. მათ რეალურად არ ჰყავთ ამომრჩეველი, ისინი „ქოცების“ თამაშს თამაშობენ, როგორებიც არიან, მაგალითად, გახარია, „ლელო“. მათ დაკარგეს ამომრჩეველი, თავიანთი ამომრჩევლის ნახევარმა არ დაუჯერა და არ მივიდა არჩევნებზე. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისაც ჯანსაღი პოზიცია ექნება. ვინც იტყვის, ჩვენ თან ქოცები უნდა დავამარცხოთ, თან ნაცებიო, ისინი არიან ქოცების სასარგებლო იდიოტები. ვინც მომავალში არ გაიმეორებს ამ სისულელეს და მიხვდება, რომ ამ ბრძოლაში ერთმანეთს ყველანი ვჭირდებით, ამის მიხედვით ავაწყობთ ურთიერთობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან“, – აღნიშნა ბარამიძემ.