ვინ არის ფრიდრიხ მერცი? - გერმანიის სავარაუდო მომავალი კანცლერი

მერცი

ეგზიტპოლების თანახმად, ფრიდრიხ მერცი, კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარე, გერმანიის შემდეგი კანცლერი გახდება. მერცის შესახებ სტატია  dw აქვეყნებს.

მერცის მემარჯვენე ცენტრის ბლოკი (CDU/CSU) დიდი ხანია ლიდერის პოზიციაზეა, მერცი აღიარებული იყო, როგორც ოლაფ შოლცის მთავარი კონკურენტი.

69 წლის მერცი იქნება ყველაზე ხანდაზმული კანცლერი კონრად ადენაუერის შემდეგ, გერმანიის ახალი ფედერაციული რესპუბლიკის პირველი კანცლერის შემდეგ, რომელმაც თანამდებობა 1949 წელს 73 წლის ასაკში დაიკავა.

შოლცი და მერცი ორივე გამოცდილი იურისტი არიან.

მერცი ამ პოზიციისთვის ადრეც იბრძოდა, თუმცა ანგელა მერკელთან დამარცხდა. მერცისა და მერკელის მოსაზრებები მთელ რიგ საკითხებზე ძალიან განსხვავდება: მერცი უფრო კონსერვატორია და უფრო მკაცრი რუსეთთან მიმართებაში.

2018 წელს, როდესაც ფრიდრიხ მერცმა გადაწყვიტა დაბრუნებულიყო დიდ პოლიტიკაში და კენჭი ეყარა ანგელა მერკელის შემდეგ, მან პრესკონფერენციის დასაწყისში მიზანშეწონილად ჩათვალა შეეხსენებინა ჟურნალისტებისთვის, რომ მისი გვარი, მართალია, მარტის თვის დასახელებასავით ჟღერს, მაგრამ განსხვავებულად იწერება: Merz-ი და არა März-ი (მარტი გერმანულად იწერება როგორც - März ). 

რა პოლიტიკას გაატარებს მერცი, თუ გერმანიის მთავრობას უხელმძღვანელებს? პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პოლიტიკა უმეტესწილად დამოკიდებული იქნება სამთავრობო კოალიციის მომავალ პარტნიორებთან შეთანხმებაზე. მეორე მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკოსის განცხადებები და იმავე პოლიტიკოსის ქმედებები, საჯარო თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, შეიძლება ძალიან ხშირად განსხვავდებოდეს. ამას, შესაძლოა, სხვადასხვა ობიექტური მიზეზი ჰქონდეს. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს გერმანიის მომავალი კანცლერის შეხედულებები და განცხადებები. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში, მერცმა, როგორც ოპოზიციონერმა, ოლაფ შოლცი უკრაინის დახმარების გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა. მან ოქტომბერში მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში, მოქმედ კანცლერს მოუწოდა, ოფიციალური კიევისთვის Taurus-ის რაკეტები მიეცა. ერთ-ერთ ტელეინტერვიუში მან ისიც განაცხადა, რომ შოლცის ადგილზე უკრაინელებს ამ რაკეტებს მისცემდა, თუმცა იქამდე ბრიტანეთსა და საფრანგეთთან საერთო სარაკეტო პოლიტიკას შეიმუშავებდა და პუტინისგან უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებას მოითხოვდა. ამავდროულად, მერცი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მშვიდობისკენ მოწოდებით, მას სულაც არ სურდა, რომ უკრაინა პუტინის რუსეთის მოთხოვნებს ყველაფერში დამორჩილებოდა. „უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. პუტინი მხოლოდ მაშინ წავა მოლაპარაკებებზე, როდესაც უკრაინა თავის დაცვას შეძლებს“, - განაცხადა მერცმა კიევში. 

გერმანიაში საარჩევნო უბნები დაიხურა. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, „ქრისტიან-დემოკრატები“ იმარჯვებენ.

გერმანიის ფედერალური არჩევნების შედეგები ეგზიტპოლების მიხედვით ასეთია:

„ქრისტიან-დემოკრატები“ - 29%;

„ალტერნატივა გერმანიისთვის“- 19,5%;

„სოციალ - დემოკრატები“ - 16%;

„მწვანეები“ -13,5%. მას მოჰყვებიან „მემარცხენეები“ და დარჩენილი ორი პარტია.