ვიმედოვნებთ, უახლოეს პერიოდში მოხდება რეალური გადატვირთვა ჩვენი პოლიტიკის და დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რომლითაც ყოველთვის ამაყობდა საქართველო და ამერიკა - ლადო ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან, "ქართული ოცნების" უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია - აცხადებს პრემიერი. "ჩვენ გვაქვს გზავნილები პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს" - ამბობს ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. მისივე განმარტებით, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა არსებითად იქნება დამოკიდებული "დიფ სთეითის" დამარცხებაზეც.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე იმედოვნებს, რომ ამერიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების გადატვირთვა მალე იქნება შესაძლებელი.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ პრობლემა გვქონდა არა ამერიკის სახელმწიფოსთან, არამედ კონკრეტულ ადმინისტრაციასთან, რომელმაც, სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე და იმ დავალებების არ შესრულების ფონზე, რომელსაც ისინი ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნისგან,
მაქსიმალურად გაართულა არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის, სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა პრეზიდენტს ტრამპის ადმინისტრაციას.

იცით, რომ ინაუგურაციის შემდგომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ამ მიმართულებით. პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ ახსენა რუსეთ-საქართველოს ომი, ზოგადად, ჩვენი ქვეყანა. იგივე განცხადებები გაკეთდა ილონ მასკის მხრიდანაც. იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრსა და ელჩს შორის.

ასევე, იცით, რომ ჩვენ არ გვყავს ქვეყანაში ელჩი ჯერ დანიშნული, თუმცა, როგორც იცით, კანდიდატურა შერჩეულია და ასე ვთქვათ, სამართლებრივი პროცედურები დაწყებულია. ჩვენ ძალიან დიდი თანხვედრა გვაქვს, მათ შორის, იდეოლოგიური თანხვედრა. პირველ რიგში, ეს უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის მალე დასრულებას და მშვიდობის საკითხებს, რეგიონშიც, მთელ მსოფლიოშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება რეალური გადატვირთვა ჩვენი პოლიტიკის და დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რომლითაც ყოველთვის ამაყობდა საქართველო და ამერიკა," - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.