ვიკა ფილფანი: „ქართული ოცნება“ ღიად უპირისპირდება ევროპას, ამიტომ კრიტიკა ლოგიკურია, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ვრჩებით მათ დღის წესრიგში

ვიკა ფილფანი

ერთი წელია, „ქართული ოცნება“ არის ღიად ანტიევროპული რიტორიკით გამსჭვალული, ღიად უპირისპირდება ევროპას. ამიტომ ლოგიკურია კრიტიკა, რომელიც მოდის და საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი მიღწევაა, რომ საქართველოს საკითხი ევროპის დღის წესრიგში რჩება.

როგორც ფილფანმა განმარტა, ეს არის დამსახურება იმ ადამიანებისა, რომლებიც „მშვიდობიანად აპროტესტებენ დიდი ხნის განმავლობაში, ასევე პოლიტიკური ჯგუფების, „გახარია საქართველოსთვის“ წევრების, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ევროპასთან“.

„გუშინდელი ფაქტი და მოვლენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ევროპასთან დაპირისპირებისა და ღიად ანტიევროპული პოლიტიკის მიუხედავად, საბედნიეროდ, ჯერჯერობით მაინც ვრჩებით დღის წესრიგში. ეს არის დიდი მიღწევა იმ ადამიანებისა, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ ადამიანებთან ვმუშაობთ, ვეკონტაქტებით, მუდმივად ვახსენებთ, რომ საქართველო რამდენიმე წლის წინ იყო მოწინავე ქვეყანა „ასოცირებულ ტრიოში“. ასევე არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ დიდი ხნის განმავლობაში. ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევების მიუხედავად, ეს ადამიანები მაინც რჩებიან ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის იბრძვიან. ამ ფაქტორების დამსახურებაა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დღის წესრიგში ვართ. ახალი არ არის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, რომ არ მოსწონს გარკვეული განცხადებები. „ქართული ოცნება“ ღიად უპირისპირდება ევროპას და ანტიევროპული რიტორიკა აქვს.

ამერიკას ჯერჯერობით ვერ უბედავენ კარის მიჯახუნებას, თუმცა ესეც მოსალოდნელია და სავარაუდოდ ამასაც ძალიან მალე ვიხილავთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, მუდმივად შევახსენოთ დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველო რამდენიმე წლის წინ იყო მოწინავე ქვეყანა „ასოცირებულ ტრიოში“ და ძალიან დიდი ხნის ნაშრომი დღეს ამათ წყალში ჩაყარეს. ამიტომ, საქართველოზე მსჯელობისას კონკრეტული გადაწყვეტილებების დრო როდესაც დადგება, დარწმუნებული ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში ქართველი ხალხის ბრძოლას გაითვალისწინებენ. დღის წესრიგში როდესაც რჩება საქართველოზე მსჯელობა, იქ განსხვავებული აზრები უნდა ისმოდეს და ჩვენც ამისკენ ვისწრაფვით. როგორც იქ არსებობს განსხვავებული აზრის არსებობა, თუნდაც ევროპარლამენტარებს შორის, გვინდა, რომ საქართველოშიც არსებობდეს. ძალიან კარგია, განსხვავებული აზრი რომ არსებობს, თუნდაც საქართველოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. ერთი წელია, „ქართული ოცნება“ არის ღიად ანტიევროპული რიტორიკით გამსჭვალული, ღიად უპირისპირდება ევროპას. ეს ხომ ფაქტია, ეს ხომ ჩვენი სუბიექტური მოსაზრება არ არის. ვინაიდან ღიად უპირისპირდება დასავლეთს და ბოლო წლების განმავლობაში იღებს იმ კანონებს, რომლებიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ლოგიკურია კრიტიკა, რომელიც მოდის და საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროინტეგრაციას. სხვადასხვა ადამიანები, თავისუფალი მოქალაქეები, პოლიტიკური ჯგუფები, ჩვენი გუნდის წევრებიც, ერთი წელია, აქტიურად მუშაობენ ევროპასთან, რომ მათ გაითვალისწინონ ქართველი ხალხის ამდენწლიანი სწრაფვა ევროპული ინტეგრაციისკენ, არ შეგვიჩერდეს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. ჯერჯერობით ეს არის ერთადრთი რამ, რაც გვინარჩუნებს ევროპასთან ურთიერთობას. მუდმივად გავახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ისიც ძალიან გასახარებელი ამბავია, რომ საქართველო ჯერ კიდევ დღის წესრიგშია“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.