ვიღაცები, ვითომ ევროპელობას რომ იჩემებენ და პოლიტიკურ ექსკლუზივად მიაქვთ, სინამდვილეში, იბრძვიან ევროპის და ევროპელობის წინააღმდეგ - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს, რომ ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი და ქალს  - ქალი და ეს ვერ გახდება სასაცილო ამბავი ვერასდროს“, -  განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის მიერ სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ გამოსვლისას.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, სწორედ ევროპა არის ქრისტიანულ ღირებულებებზე შექმნილი და დაფუძნებული ქვეყნების ერთობა.

მისივე განმარტებით, 10-15 წლის წინ ამაზე რომ გვესაუბრა, შეიძლება ვიღაცას დაეცინა, მაგრამ სამწუხარო რეალობა გვაქვს, რადგან თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა არჩევნებმა უზრუნველყო, რომ დღეს იქაც ასე საუბრობენ და ამ მიდგომას ლეგიტიმაცია მისცა ამერიკელმა ხალხმა.

„ყველაზე მთავარი, რატომღაც ჩვენი ოპონენტები რისკავენ და ევროპას და ევროპულობას უკავშირებენ ისეთ საკითხებს,  რომელიც ქართულ საზოგადოებაში და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არც ერთ ეროვნულ საზოგადოებაში არ არის პოპულარული. ხშირად ისეთ ალტერნატივებს სთავაზობენ საზოგადოებას, რომლის ფარგლებშიც, ვიღაცებს უჩნდებათ წარმოდგენა, თითქოს ევროპა არის ლგბტ კანონის გაუქმების მოთხოვნა და თავად ევროპელებიც, არაერთი ადამიანი ამაზე აპელირებს.

არჩევნებზე განცხადებებს აკეთებდნენ და არაერთი ევროპელი პოლიტიკოსი მოგვიწოდებდა  -  გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი გააუქმეთო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ევროპა, პირველ რიგში, ეს არის ქრისტიანულ ღირებულებებზე შექმნილი, დაფუძნებული ქვეყნების ერთობა. ღირსება ჩვენი მოგონილი არ არის, ეს ძალიან არის გამჯდარი ქართველში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ექსკლუზივი. ეს არის, მათ შორის, ევროპული ქრისტიანული საწყისი და თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროპა და ევროპელობა იყოს კვლავ და მუდამ პოპულარული ამ ქვეყანაში, უნდა ვიცოდეთ, რომ ვიღაცები, ვითომ ევროპელობას რომ იჩემებენ და პოლიტიკურ ექსკლუზივად მიაქვთ, სინამდვილეში, იბრძვიან ევროპის და ევროპელობის წინააღმდეგ“, - განაცხადა მდინარაძემ.