ვერავინ ვერავის უკარნახებს იდგეს თუ არა აქციაზე - ხატია დეკანოიძე

დეკანოიძე

ვერავინ ვერავის უკარნახებს იდგეს თუ არა აქციაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„თავისუფალი სიტყვა დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ვერავინ ვერავის უკარნახებს იდგეს თუ არა აქციაზე. რა თქმა უნდა, პროტესტი არის ძალიან ნორმალური, განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც დღეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო საქართველოში“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, 7 მარტს პარლამენტში მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციამ გააპროტესტა. პროტესტის მესამე დღეს, 10 მარტს, პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დადგა.

პარალელურად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სიტყვით გამოსვლას შეეცადა, თუმცა მას ტრიბუნა დაატოვებინეს.

სიტყვით გამოსვლისას ვაშაძემ განაცხადა, რომ არ უნდა გაჩერდნენ. ამის შემდეგ მას მიკროფონი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოართვა და მიმართა: „არა, პოლიტიკოსები აღარ ხართ ჯექსონები, მორჩა“.

„თქვენი ჯექსონობა მორჩა, ყველა პარტიიდან, დიდი ბოდიში. აღარ გელოდებით. ახლა ხელოვნებისა და სიყვარულის დროა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და ვაშაძეს უწმაწური სიტყვებითაც მიმართა.