„ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო“ - მარტა კოსი

მარტა კოსი

"დაბნეულობა საქართველოსთან მიმართებაში",- ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროკომისარ მარტა კოსის ინტერვიუს.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ინტერვიუ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელს მისცა. რიკარდ იოზვაკთან მარტა კოსი საუბრობს შესაძლებლობებზე ევროკავშირმა უკან წაიღოს ვიზა ლიბერალიზაცია, გადახედოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, გაყინოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამავდროულად, ისმის ურთიერთობების აღდგენის სურვილიც.

"შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები. მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.

- შესაძლოა, რომ საქართველოშიც უმაღლესი რანგის დიალოგი რაიმე ფორმით განვითარდეს მომავალში?

როგორც ვთქვი, ყველაზე მარტივია, არ ესაუბრო. მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას, რომელთაც არ გააჩნიათ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ, შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება", - განაცხადა მარტა კოსიმ.