ვახტანგ ჩოჩია: თვალს ვადევნებთ იმ გლობალურ ტრენდს, რომელზეც საქართველოს მმართველი გუნდი რამდენიმე წლით ადრე საუბრობდა. დაიწყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებების რევიზია, რომლებიც სხვადასხვა უცხოური ძალის ინტერესს ატარებდნენ

ვახტანგ ჩოჩია

 დაიწყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებების რევიზია, რომლებიც სხვადასხვა უცხოური ძალის ინტერესს ატარებდნენ, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია.

იგი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირის სახსრები, რომლებიც „კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ“ მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი, ფარული გავლენის ოპერაციაში ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად გამოიყენეს.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ იმ გლობალურ ტრენდს, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მმართველი გუნდი რამდენიმე წლით ადრე საუბრობდა. დაიწყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებების რევიზია, რომლებიც სხვადასხვა უცხოური ძალის ინტერესს ატარებდნენ, რომლებიც ფინანსდებოდნენ სხვადასხვა მიზნით და რომლებიც რეალურად დაფინანსებული იყვნენ ერთი საქმის საკეთებლად, ხოლო თავისი ფორმით და არსით, აკეთებდნენ აბსოლუტურად სხვა საქმეს“, - აცხადებს ჩოჩია.