უპირობო და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ევროპის კონტინენტზე - პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი განხილვის მთავარ საკითხს ასახელებს

პუტინი

ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, განმარტებას აკეთებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა მედიასთან აღნიშნა, რომ განხილვის მთავარი საკითხი ევროპის კონტინენტზე უპირობო და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა იყო.

ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს.

ორი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი არ დათმობს ტერიტორიებს, არ გაიყვანს ჯარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან, მოლაპარაკებებს კი რუსულ მხარესთან ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ დროს გააგრძელებს. ზელენსკიმ დაასახელა ის ქვეყნებიც, სადაც შესაძლოა ერთმანეთს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები შეხვდნენ - თურქეთი, შვეიცარია და ვატიკანი. რომელ ლოკაციაზე შეთანხმდებიან მხარეები, ჯერჯერობით, უცნობია.

სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ შედგა. დიალოგი 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პუტინმა ტრამპთან კომუნიკაციას გულწრფელი და შინაარსიანი უწოდა.