UNICEF-ის წარმომადგენელმა მითხრა, ციხის სისტემა დახურული იყო ჩვენთვის და შიგნით რა ხდებოდა, არ ვიცოდითო - ახლა, ღიად, ურცხვად, ქუჩაში მიმდინარეობს ბავშვების გამოყენება პოლიტიკური და სხვა მიზნებისთვის. ახლაც არ იცით? - თეა წულუკიანი

მინისტრი

საპროტესტო აქციებში ბავშვების ჩართულობასთან დაკავშირებით თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. წულუკიანი ამ კონტექსტში იხსენებს რამდენიმე წლის წინ, UNICEF-ის წარმომადგენელთან შეხვედრას. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი წერს, მაშინ UNICEF-ის წარმომადგენელს ჰკითხა, თუ რატომ არ ჰქონდა ორგანიზაციას არც ერთი განცხადება გაკეთებული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ბავშვებისადმი არაადამიანურ მოპყრობის ფაქტებზე.

„2012 წლის ბოლო ან 2013 წლის დასაწყისი. საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელი მობრძანდა იუსტიციის სამინისტროში ახალი მინისტრის გასაცნობად. მან კარგად ისაუბრა ორგანიზაციის მისიასა და მიზნებზე, მომეწონა. პასუხად ვკითხე, თუ რატომ არ ჰქონდა ორგანიზაციას არც ერთი განცხადება გაკეთებული ან ნაბიჯი გადადგმული, როცა ნაცების რეჟიმმა ბავშვებით გადაავსო ციხეები და არაადამიანურად ეპყრობოდა მათ. პასუხი: ციხის სისტემა დახურული იყო ჩვენთვის და შიგნით რა ხდებოდა, არ ვიცოდითო. ეს შავი ლაქაა თქვენს საქმიანობაში საქართველოში-მეთქი და, მის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ არ მიპასუხა და თავი ჩაღუნა.

ახლა, ღიად, ურცხვად, ქუჩაში მიმდინარეობს ბავშვების გამოყენება პოლიტიკური და სხვა მიზნებისთვის. ახლაც არ იცით?“, - წერს წულუკიანი.