უნგრეთის ევროპულ საკითხთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გამოკითხვა უნგრეთში ზაფხულის დასაწყისამდე გაიმართება

იანოშ ბოკა

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გამოკითხვა უნგრეთში ზაფხულის დასაწყისამდე გაიმართება. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის ევროპულ საკითხთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომის წინ განაცხადა.

იანოშ ბოკას წევრობის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში წინსვლასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.

„გაფართოების პროცესის მომავალი ახლა უნგრეთის მოქალაქეების ხელშია. მათ ექნებათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი პოზიცია უნგრეთის მთავრობის მიერ ინიცირებული ეროვნული კონსულტაციების დროს. ველოდებით შედეგებს ზაფხულამდე“, – განაცხადა იანუშ ბოკამ.

ამასთან, იანოშ ბოკას განცხადებით, უნგრეთი ზოგადად მხარს არ უჭერს უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს დასკვნას, მათ შორის კაია კალასის ინიციატივის ნაწილს. მისი თქმით, ევროკავშირის საბჭოს დასკვნის რამდენიმე პუნქტი ეწინააღმდეგება უნგრეთის სტრატეგიულ ინტერესებსა და სტრატეგიულ ხედვას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნასთან დაკავშირებით.

მარტის დასაწყისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთი ეროვნულ გამოკითხვას ჩაატარებს.

შეგახსენებთ, გუშინდელ შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.