უნდა ესმოდეს ყველას, იქნება ეს "ლელო" თუ ნებისმიერი, ვინც ოპოზიციურ ფლანგზეა, როდესაც უღალატებს მთავარ ბრძოლას, უნდა იცოდეს, რომ მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და ხალხისგან პასუხის მოსმენა - ანა წითლიძე

ანა წითლიძე

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერებს დაუპირისპირდნენ. ფაქტის შესახებ დღეს "ლელოში" კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა შეფასებები კეთდება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან," სადაც მიაჩნიათ, რომ დემონსტრანტებს ლოგიკური რეაქცია ჰქონდათ.

"უნდა ესმოდეს ყველას, იქნება ეს "ლელო" თუ ნებისმიერი, ვინც ოპოზიციურ ფლანგზეა, როდესაც ის უღალატებს მთავარ ბრძოლას, უნდა იცოდეს, რომ მას მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და ხალხისგან პასუხის მოსმენა. ხომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, მზად უნდა იყვნენ პასუხისმგებლობა აიღონ და ეს უნდა იყოს მაგალითი თითოეული პოლიტიკოსისთვის. თუ ხალხის წინააღმდეგ წახვალ, აუცილებლად, ხალხივე გაგცემს პასუხს," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ.

ამასთან, "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის შეფასებით, ერთადერთი ვის წისქვილზეც წყალს ეს დაპირისპირება ასხამს, არის "ქართული ოცნება." მისივე შეფასებით, ის, რაც მოხდა გუშინ რუსთაველზე, მისასალმებელი არ იყო.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერებს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია შენიშნეს.

დემონსტრანტების განაცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი "ლელოს" ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა. აქციის მონაწილეების მხრიდან არაერთი შეძახილი ისმოდა. მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გრიგოლ გეგელიას და "ლელოს" სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვებაც მოუხდათ. პოლიტიკოსი ადგილიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.