1734337868
უნდა ავკრძალოთ უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის, ასევე უნდა გავაკეთოთ გზავნილი, რომ შეგვიძლია, ეს მომავალში გავაფართოოთ - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
იმედი გვაქვს, საჭირო ნაბიჯებთან დაკავშირებით შეთანხმება მოხერხდება. როდესაც ვხედავთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიციის ლიდერები დააკავეს და აქციის მონაწილეებზე ძალადობენ – ამის იგნორირებას ვერ მოვახდენთ და ვერ დავეთანხმებით, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დღის წესრიგი დგას.
„ლიეტუვამ უკვე დააწესა სანქციები თითქმის 30 პირის მიმართ, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ოპოზიციის პროტესტის სასტიკი ჩახშობის ორგანიზებაში. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ევროკავშირს, შემოიღოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას, ეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ჩვენ უნდა ავკრძალოთ ის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის. ეს არის მინიმალური, რაც უნდა გავაკეთოთ. ასევე უნდა გავაკეთოთ გზავნილი, რომ შეგვიძლია, ასეთი აკრძალვა მომავალში გავაფართოოთ.
მესამე არის ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების შეჩერება საქართველოსთან, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმები ჩარჩოში, ასევე შევაჩეროთ ნებისმიერი ინსტიტუციური მოლაპარაკებები საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან და შევაჩეროთ ინსტიტუტების ფინანსური დახმარება. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ მხარს დავუჭერთ. ამისთვის გვჭირდება ფინანსური პაკეტი, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი. ახლაა ის დრო, როდესაც გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაშია, რომ ევროპა არ მიგატოვებთ, რომ ევროპა თქვენთანაა, ევროპას თქვენ სჭირდებით. ეს ახლავე უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, რომ აუცილებელია არჩევნების ხელახლა ჩატარება. სწორედ ესაა სწორი გზა ამ ვითარების გადასაჭრელად“, – განაცხადა კიასტუსის ბუდრისმა.