„უმრავლესობას მანდატების რაოდენობა აძლევს იმის საშუალებას, რომ პირველი სხდომა მოიწვიოს“ - ლანა გალდავა

ლანა გალდავა

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 8 დღეში გაიმართება. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ და სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, რა პოზიციაც არ უნდა ეჭიროს "ქართულ ოცნებას", პარლამენტში ოპოზიციის არშესვლა მათთვის პრობლემას წარმოადგენს, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არცერთი ოპოზიციონერი არ აპირებს.

"არავინ მაგ პარლამენტში შესვლას არ აპირებს, ჩვენ ეს არაერთხელ გვაქვს ნათქვამი. რა პოზაც არ უნდა ეჭიროს "ქართულ ოცნებას", ძალიან კარგად იციან, რომ მათთვის პრობლემა არის ლეგიტიმაცია, მათთვის პრობლემა არის პარლამენტის წევრების არშესვლა, ოპოზიციის არშევლა და მათთვის დიდი პრობლემა არის საერთაშორისო იზოლაცია და ის, რომ საერთაშორისო აღიარება ამ არჩევნებს არ აქვს. თვითონვე შეიყვანეს ეს ქვეყანა ამ პოლიტიკურ ჩიხში", - განაცხადა ანა წითლიძემ.

"ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, კოალიციამ პოლიტსაბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სიებს ჩახსნიან, თუმცა "ქართულ ოცნებას" მანდატების რაოდენობა აძლევს საშუალებას, რომ პირველი სხდომა მოიწვიოს.

"უმრავლესობას მანდატების რაოდენობა აძლევს იმის საშუალებას, რომ პირველი სხდომა მოიწვიოს. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს,"ძლიერმა საქართველომ" ჩაატარა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უმრავლესობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ დავტოვოთ მანდატები და ჩაიხსნას სია", - განაცხადა ლანა გალდავამ.