უკვე ათ საარჩევნო უბანზე ვიყავით და ვითარება ძირითადად მშვიდად გამოიყურება, ზოგადი სიტუაცია კარგია, ჩანს, რომ ცესკო-ს დიდი სამუშაო აქვს გაწეული - საარჩევნო ექსპერტი რეინს ტოჩელოვსკისი

საარჩევნო ექსპერტი რეინს ტოჩელოვსკისი

უკვე ვიყავით ათ საარჩევნო უბანზე და ძირითადად ვითარება მშვიდად გამოიყურება, ზოგადი სიტუაცია კარგია, – ამის შესახებ ლატვიელმა საარჩევნო ექსპერტმა, რეინს ტოჩელოვსკისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ინციდენტები არ უნახავთ.

„მე ლატვიიდან ვარ და საარჩევნო საკითხებში საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფთან ერთად ვიმყოფები ქვეყანაში. დღეს ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომელიც, რა თქმა უნდა, დასრულებული არ არის, მაგრამ ამ დრომდე უკვე ვეწვიეთ ათ საარჩევნო უბანს და ძირითადად ვითარება მშვიდად გამოიყურება და ზოგადი სიტუაცია კარგია.

ვნახეთ, რომ საარჩევნო უბნებზე ადმინისტრაციის წევრები კარგად არიან დატრენინგებული, ამომრჩევლებიც მშვიდად არიან, ამ დრომდე ინციდენტები არ გვინახავს. მცირედი საკითხი იყო ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ორი ბიულეტენი მიიღო, ჩანდა, რომ ისინი ერთმანეთზე იყო მიკრული, მაგრამ კომისიის წევრებმა დაინახეს და გამოართვეს მეორე ბიულეტენი. სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განვიხილეთ პროცესის მიმდინარეობა და აღვნიშნეთ, რომ მათაც არ უნახავთ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევა“, – განაცხადა რეინს ტოჩელოვსკისმა.

რეინს ტოჩელოვსკისმა ასევე აღნიშნა, რომ ჩანს, რომ ცესკო-ს დიდი სამუშაო აქვს გაწეული.

„ზოგადად, ჩანს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დიდი სამუშაო აქვს გაწეული არჩევნებისთვის სამზადისის კუთხით. რასაც ვხედავთ, ასაკოვან ადამიანს ცოტათი უჭირს ბიულეტენების აპარატში მოთავსება, მაგრამ მათ უბანზე მყოფი კომისიის წევრები ეხმარებიან. არჩევნებამდე იყო გარკვეული შიშები, როგორ მოახერხებდა საარჩევნო ადმინისტრაცია მომზადებას ელექტრონული წესით არჩევნების პროცედურებისთვის, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ვნახეთ გარკვეული ნიშნები, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო რაიმე კრიტიკული, იგივე რამ სხვა არჩევნების დროსაც გვინახავს. ასე რომ ვნახოთ, როგორ გაგრძელდება დღე, დროულად დაიხურება თუ არა საარჩევნო უბნები და შემდეგ შეგვეძლება ამაზე მოსაზრების გამოთქმა“, – განაცხადა რეინს ტოჩელოვსკისმა.

ამასთან, მედიის წარმომადგენელმა რეინს ტოჩელოვსკის მიმართა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე არჩევნები, რაზეც ტოჩელოვსკისმა აღნიშნა:

„რასაც ვხედავთ და პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ საკითხი დასავლურ მედიაში იყო წამოწეული, შეშფოთება იყო გაზრდილი, განსაკუთრებით უცხოური გამჭვირვალობის კანონის შემდეგ. ჩემი პირადი აზრია, რომ დრამატიზების გარკვეული დონე შეინიშნებოდა. ვნახეთ, რომ გარკვეული დასავლური ორგანიზაციები ატარებდნენ ვებინარებს, იწვევდნენ ოპოზიციას კომენტარებისთვის და, სამწუხაროდ, არ მინახავს, იმავე საკითხზე მოსაზრების გამოსახატად ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოეწვიოთ, რაც, ჩემი აზრით, არც თუ ისე სამართლიანია. მეორე დიდი საკითხი, ჩემი აზრით, წამოწეული იყო წინა არჩევნების შემდეგ, როდესაც ISFED-მა დაუშვა შეცდომა, რაც მათ აღიარეს, მაგრამ აღიარეს ძალიან გვიან. ეს ასევე ქმნის არასწორ წარმოდგენებს საქართველოს საარჩევნო სისტემაზე და იმედი მაქვს, მსგავსი შეცდომა აღარ განმეორდება. ისევ და ისევ, რასაც ვხედავთ არის ის, რომ, ჩემი აზრით, სწორი არაა, საქართველო როგორც არის წარმოდგენილი საერთაშორისო მედიაში. დასავლურმა მედიამ უფრო ხშირად უნდა უსმინოს და უფრო ხშირად უნდა ჰკითხოს მოსაზრება ისტორიის ორივე მხარეს, ეს იქნებოდა ობიექტური“.