1741279260
უკრაინისთვის უსაფრთხოების პირველი გარანტი თავად უკრაინის არმიაა - ამ ეტაპზე, 15 ქვეყანაა დაინტერესებული ახალი უსაფრთხოების ფორმატით - საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

რას უპასუხებს კრემლი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას და როგორი იქნება ნაბიჯები რუსეთის მხრიდან? უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება. დღეს, ამერიკული დელეგაცია მოსკოვში ჩადის.
ტრამპს იმედი აქვს, რომ რუსეთი მშვიდობას დათანხმდება და მას არ მოუწევს მოსკოვისთვის გამანადგურებელი ეკონომიკური სანქციების დაწესება. საკითხზე ამერიკის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში, ირლანდიის პრემიერთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
ტრამპმა ახსენა საქართველოც. მისი თქმით, ბუშის დროს რუსეთმა საქართველო წაიღო, ობამას დროს - ყირიმი, ბაიდენის პერიოდში ყველაფრის მიღება სცადა და მხოლოდ ის არის ერთადერთი, ვისგანაც რუსებმა ვერაფრის წაღება ვერ შეძლეს.
რაც შეეხება მოსკოვის პოზიციას - რუსეთში დაგეგმილი შეხვედრის დეტალები უცნობია, ლავროვის უწყების პრესსპიკერმა, მხოლოდ ის თქვა, რომ არ არის გამორიცხული, "მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტი უახლოეს დღეებში შედგეს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს თქმით, 15 ქვეყანაა დაინტერესებული უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების ფორმატით, რომელიც უკრაინაში ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტის გარანტიას ითვალისწინებს.
"უკრაინისთვის უსაფრთხოების პირველი გარანტია, აშკარად, თავად უკრაინის არმიაა. ჩნდება სიტყვა დემილიტარიზაცია, მაგრამ ეს არ არის ის შემთხვევა, პირიქით, გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტია იქნება შესაძლებლობები, რომლის მიცემასაც ჩვენ შევძლებთ უკრაინის არმიისთვის. ამ ეტაპზე, 15 ქვეყანაა დაინტერესებული უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების ფორმატით, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტის გარანტიას", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ.