უკრაინის საჰაერო ძალები F-16 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ იუწყება

kn

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, გამთენიისას მათ F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი დაკარგეს.

„2025 წლის 16 მაისს, დაახლოებით 03:30 F-16 თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. უკრაინული გამანადგურებელი მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმას იგერიებდა“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის მფრინავმა სამი საჰაერო მიზანი გაანადგურა და საავიაციო ქვემეხის გამოყენებით მეოთხის ჩამოგდებაზე მუშაობდა, თუმცა ბორტზე ფორს-მაჟორული სიტუაცია შეიქმნა. პილოტმა თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტს მოაშორა და კატაპულტირება მოახდინა.

უკრაინული მხარის მტკიცებით, პილოტის პოვნა მალევე მოხერხდა. ახლა ის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. მომხდარს სპეციალური კომისია იძიებს.