თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას მხარს უნდა უჭერდეს არა 54, არამედ მოსახლეობის 99 პროცენტი - გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

უკვე რამხელა უბედურებაა, რომ მოსახლეობის ნახევარი არ უჭერს მხარს თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ეს არჩევნები არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძეს კითხვა დაუსვეს სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, გამოკითხულთა 54 პროცენტის პასუხია „დიახ“.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას მხარს უნდა უჭერდეს მოსახლეობის 99 პროცენტი.

„54 პროცენტი კი არ უნდა იყოს, 98, 99 პროცენტი უნდა იყოს მხარდამჭერი. რაზე ვკამათობთ, რომ 54 პროცენტი არის კარგი? არ არის ეს კარგი. ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ყოველი მეორე საქართველოს მოქალაქე ამბობს, არჩევნებს აზრი არ აქვსო. „ქართული ოცნება“ ლიდერობს უბედურებაში, „ქართული ოცნება“ ლიდერობს პრორუსულობაში. „ქართული ოცნება“ ლიდერობს სიყალბეში, პროპაგანდაში, ფულის კეთებაში, ჩვენი ნების გაყალბებაში. კიდევ ევროპასთან ურთიერთობების გაფუჭებასთან ლიდერობს. აბა, ახლა მითხარით, ბოლო ორი წელი რა რეფორმა გააკეთეს, რითაც ჩვენ ვიამაყებთ. ისეთი რეფორმა, რაზეც ვიტყვით, რომ აი, ეს ხომ მაინც გააკეთა.

32 პროცენტს კი არა, 12 პროცენტსაც ვერ აიღებს „ქართული ოცნება“. 32 პროცენტი ხომ უკვე წაგებაა, ზუსტად მაგას ვამბობ. წინა არჩევნებზეც 32 პროცენტზე მეტი არ აუღია და დაიწერა 52, მაგას გეუბნებით. 32-პროცენტიანი პარტია რანაირად შეიძლება ხელისუფლებაში იყოს, იჭერდეს ყველას, ტოტალური კონტროლი ჰქონდეს“,- განაცხადა ვაშაძემ.