თუ საკითხი ასე დგას - კრიტიკა თუ სახელმწიფოს ინტერესები, ჩვენი არჩევანი ყოველთვის იქნება საქართველო და ჩვენი არჩევანი ყოველთვის იქნება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა - თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

კანონთან დაკავშირებით რომელსაც საქართველოში შემოაქვს გამჭვირვალობის რეესტრი, რომლის მსგავსიც აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას, ასეთი პოლიტიკური რეაქცია საგარეო სექტორიდან, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, არის გადაჭარბებული, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ კრიტიკა 2012 წლიდან ესმის, თუმცა მმართველი გუნდი ყოველთვის დაიცავს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.

„კრიტიკა გვესმის 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების პირველი დღიდან. ამაზე მეტი კრიტიკაც იყო, მაგალითად სააკაშვილის გათავისუფლებაზე, კანონის გვერდის ავლას როცა გვთხოვდნენ. გვახსოვს იგივე კრიტიკაც, როდესაც საუბარი იყო ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებაზე და უკრაინის ომში სამხედრო ჩართულობაზე.

თუ საკითხი ასე დგას - კრიტიკა თუ სახელმწიფოს ინტერესები, ჩვენი არჩევანი ყოველთვის იქნება საქართველო და ჩვენი არჩევანი ყოველთვის იქნება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა“, - განაცხადა თალაკვაძემ.