თუ არ გვინდა, რომ დასავლეთით იმედგაცრუებული საქართველო მართლაც რუსეთისკენ შეტრიალდეს, დასავლეთმა და ევროკავშირმა მას ზურგი არ უნდა შეაქციონ - რიშარდ ჩარნეცკი

რიშარდ ჩარნეცკი

ევროპარლამენტარი რიშარდ ჩარნეცკი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს. დეპუტატი, რომელიც სტატიის დაწერის დროს თბილისში იმყოფებოდა აღნიშნავს, რომ დასავლური მედიის კითხვისას იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს „თბილისი დუღს“, თუმცა ქალაქში ყოფნისას ეს საერთოდ არ იგრძნობა.

„ოპოზიცია სოციალურ მედიაში ბობოქრობს, თუმცა დედაქალაქის ქუჩებში სიწყნარეა, ისევე როგორც პროვინციებში“, - წერს ევროდეპუტატი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა გაცილებით ნაკლები ემოცია გამოიწვია მოსახლეობაში, ვიდრე 4 წლის წინ გამართულმა არჩევნებმა და რომ ის ვერ „იჯერებს პროპაგანდას, თითქოს საქართველოს ქუჩებსა და გახლეჩილ ოპოზიციას მთავრობის გადაგდება შეუძლიათ“. მისივე თქმით, ქართველები საარჩევნო უბნებზე დიდი რაოდენობით მივიდნენ, თუმცა არჩევნების თემა მათთვის მთავარი მოვლენა აღარ არის.

„იმაზე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ქართველი ხალხისთვის არ იყო ყოფნა/არყოფნის საკითხი ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ხმის მისაცემად საზღვარგარეთ მცხოვრები მხოლოდ 95 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა, უშუალოდ კენჭისყრაში მონაწილეობა კი მხოლოდ 25 ათასმა მიიღო“, - წერს ევროპარლამენტარი და ამ ციფრებს მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ მონაცემებს ადარებს, სადაც კენჭისყრაში მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებმა 310 ათასმა მოქალაქემ მიიღო.

ჩარნეცკი ასევე არჩევნების შედეგის მიზეზებზე წერს.

„ყველამ იცის, რომ უკრაინის ტერიტორიის 20% რუსეთის ხელშია. ცოტამ იცის, რომ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% ასევე რუსული ჩექმის ქვეშ არის. ქართველები ევროპული ერი არიან, მათ გულწრფელად სურთ იყვნენ პოლიტიკური ევროპის, ანუ ევროკავშირის წევრები, მაგრამ ასევე გულწრფელად ეშინიათ „დიდ ძმასთან“ კონფლიქტის ესკალაციის. სწორედ ამიტომ გააკეთა უმრავლესობამ ის არჩევანი, რაც გააკეთა. თუ არ გვინდა, რომ დასავლეთით იმედგაცრუებული საქართველო მართლაც რუსეთისკენ შეტრიალდეს, დასავლეთმა და ევროკავშირმა მას ზურგი არ უნდა შეაქციონ“, - წერს ჩარნეცკი.