"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
საარჩევნო ადმინისტრაციამ მასშტაბური საინფორმაციო - სასწავლო პროექტი „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ განახორციელა.
პროექტი ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით, 2025 წლის 17 თებერვლიდან 12 მარტის პერიოდში განხორციელდა და მასში საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები მონაწილეობდნენ.
პროექტის მიზანი საარჩევნო განათლების მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამა „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ მასწავლებლებისთვის საარჩევნო საკითხებზე საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის ხელშეწყობასა და მოსწავლეებისთვის განახლებული ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს. სწავლების ცენტრის ტრენერ-ექსპერტებმა პროექტის მონაწილეებთან განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა და პოლიტიკური კულტურის ასპექტები; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები და ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები.
საბაზო და საშუალო საფეხურის პედაგოგებს ასევე გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ სპეციალურად მომზადებული დამატებითი საინფორმაციო რესურსი, რომელიც მოიცავს განსახილველ საარჩევნო თემატიკას, საკითხავ მასალას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და რეკომენდაციებს. სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა პროგრამა პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ სასწავლო რესურსი და გაზიარებული მეთოდოლოგია მორგებულია მოსწავლეების ასაკთან, ინტერესებთან და ხელს შეუწყობს როგორც საარჩევნო სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ისე ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის გაცნობიერებას.
პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრები 23 მუნიციპალიტეტში (მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 5 მუნიციპალიტეტში) ჩაატარა. შეხვედრებში 478 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების 510 პედაგოგი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ სწავლების ცენტრმა პირველი საპილოტე პროექტი 2024 წელს განახორციელა. დღემდე პროექტი „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ 42 მუნიციპალიტეტის 951 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების 988-მა პედაგოგმა გაიარა.
ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.