„წარმოუდგენელია, გსურდეს საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არ ელაპარაკო ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას“ - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში “იმედი LIVE“ ევროკავშირის რეგიონულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ დღეს უკვე საკმაოდ რთულია გაერკვე, რა წარმოადგენს ევროკავშირის სტრატეგიულ მიდგომას კონკრეტულად საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მიმართ.

„ერთი რამ არის ფაქტი - ძალიან ხშირად ვხედავთ არასწორ სტრატეგიებს და არასწორ მიდგომებს, როდესაც ევროკავშირის პოლიტიკაზეა საუბარი. ბოლო პერიოდში რთულია გაიგო, რა არის ევროკავშირის პოლიტიკა თუნდაც რეგიონთან დაკავშირებით და რამდენად არის ეს გადაწყვეტილებები გააზრებული და საფუძვლიანი — მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხება,“ — განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ გსურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ამავდროულად უარს ამბობდე დიალოგზე ქვეყნის ხელისუფლებასთან:

„როგორ შეიძლება ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ მის არჩეულ ხელისუფლებას არ ესაუბრები? წარმოუდგენელია, რომ დიალოგის გარეშე მოხდეს საერთო ინტერესებზე საუბარი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს. პირიქით, საუბარია დასჯის მექანიზმებზე, რათა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სულ სხვა მიზნებისთვის იქნას გამოყენებული — და ჩვენ ეს ვნახეთ.“

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა სურვილი, რომ შეეჩერებინა ამ საკითხით არასამართლიანი მანიპულირება:

„ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს შეგვეჩერებინა — რათა ევროინტეგრაცია არ გახდეს გამოყენებული იმ მიზნებისთვის, რაც მას არ შეესაბამება და არ დაზიანდეს ეს პროცესი. კიდევ ერთხელ, ღრმად მჯერა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს საერთო მიზნები და ინტერესები აქვს. ამ მიზნებზე უნდა ვისაუბროთ - რაც სამწუხაროდ, დღეს არ ხდება.“

მინისტრმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ღიაა დიალოგისთვის:

„ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის და მზად ვართ ნებისმიერ დროს ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ქვეყნის უსაფრთხოებას და ყველაფერი, რაც უქმნის საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენთვის მიუღებელია.“განაცხადა მინისტრმა.