ტრამპს აშშ-ში არჩევნებში მონაწილეობის წესების გამკაცრება სურს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველთა მოქალაქეობის კონტროლი გამკაცრდება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი არჩევნებში ჩარევა აეკრძალებათ.

ტრამპმა რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს დაავალა ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ფოსტით ხმის მიცემისა და არჩევნებზე დაკვირვების პროცესის კონტროლის გამკაცრება. ამავე განკარგულებით გამკაცრდება წესები, რომლითაც ამომრჩეველთა მოქალაქეობას ამოწმებენ და ასევე, დამატებითი ზომები იქნება მიღებული არჩევნების შესაძლო გაყალბების საწინააღმდეგოდ.

როგორც ამერიკული მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტს არ შეუძლია ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აიძულოს ცალკეული შტატების ხელისუფლება, შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, ამიტომ ტრამპი ფინანსური ზეწოლის განხორციელებას აპირებს. დოკუმენტის მიხედვით, შტატები, რომლებიც არ მიიღებენ ზომებს არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფედერალური დაფინანსების გარეშე დარჩებიან.

თავის მხრივ, უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ტრამპის ახალი განკარგულება მიზნად ისახავს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას.

აღსანიშნავია, რომ სანდო საარჩევნო სისტემის მაგალითად აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანია დაასახელა, სადაც აშშ-სგან განსხვავებით, ხმის მიცემა ქაღალდის ბიულეტენებით ხდება.

ცნობისთვის, ტრამპი ამ დრომდე არ აღიარებს 2020 წლის არჩევნებში მარცხს. ტრამპის განცხადებები აშშ-ში არჩევნების გაყალბების შესახებ 2021 წელს, მისი მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის მიზეზი გახდა.