ტრამპი: ისრაელისკენ მიმავალი Fly Dubai-ს თვითმფრინავის მეორე პილოტი შესაძლოა ირანთან იყოს დაკავშირებული

დონალდ ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელისკენ მიმავალი Fly Dubai-ს სამგზავრო თვითმფრინავის მეორე პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, შესაძლოა ირანთან იყოს დაკავშირებული.

ტრამპის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას ის „ამჟამად მოსმენილი ცნობების საფუძველზე“ ავრცელებს, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

„ამაზე ახლა ვმუშაობთ. ისინი ჩვენთან ძალიან ღიად საუბრობენ. ვიტყოდი, რომ პასუხი, იმის საფუძველზე, რაც მესმის, არის - დიახ. თუმცა, ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, დაკავშირებულია თუ არა მეორე პილოტი ირანთან.

ჟურნალისტებმა ტრამპს ასევე ჰკითხეს, ხომ არ იყო მეორე პილოტი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ თვითმფრინავში შეგზავნილი, ან ხომ არ მოხდა მისი რადიკალიზაცია სხვა გზით. „შესაძლოა, ასეც იყოს“, - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როგორც ამერიკული მედია წერს, ტრამპის განცხადება უფრო კატეგორიული იყო, ვიდრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიცია. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მონაწილეობდა თუ არა ინციდენტში ირანი.

„არ ვფიქრობ, რომ ეს თვითმფრინავის გატაცება იყო. ვფიქრობ, ეს უფრო თვითმკვლელობის მცდელობას ჰგავს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

✕