ტრამპი დღევანდელ სიტუაციაში ამჯობინებს თანამშრომლობას ჩინეთთან და არა დაპირისპირებას - თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

უკრაინის ომის კვალდაკვალ ჩინეთის როლისა და გავლენების ზრდაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და განაცხადა, რომ ჩინეთის გაძლიერების კატალიზატორად სწორედ ეს კონფლიქტი იქცა. როგორც ჩიბურდანიძე ამბობს, ამ ვითარებაში შტატების ლიდერმა დაიკავა პოზიცია, რომელიც მიმართულია ამერიკის გადასარჩენად.

ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის მთავარი მიზანია უკრაინის ომის სწრაფად დასრულება, რათა შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა ისეთი მზარდი პოლიტიკური ცენტრისათვის, როგორიც შეიძლება შეიქმნას ჩინეთ-რუსეთ-არაბული სახელმწიფოების სახით.

„ევროპა და ევროკავშირი ვერ გაუძლებს ტრამპის აგრესიულ პოლიტიკას. ბაიდენის ომის პოლიტიკამ ჯერ ერთი, შედეგი ვერ მოიტანა რუსეთის წინააღმდეგ - რუსეთი ვერ დაასუსტეს და მეორე, მოიტანა უკუშედეგი ჩინეთის გაძლიერების სახით. ჩინეთი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად თავის სიტყვას იტყოდა მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე და ის იქნებოდა მეორე სიმძიმის ცენტრი აღმოსავლეთში, რომელსაც ექნებოდა ამბიცია, გამხდარიყო ახალი ზესახელმწიფო. უკრაინის ომმა ეს პროცესები 15-20 წლიანი პერიოდით გადმოწია წინ და დააჩქარა.

რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, მთელი არაბული სახელმწიფოები - ეს ალიანსი რომ ამუშავებულიყო, ამერიკას ჩაძირავდნენ. ამიტომ, ტრამპს ახლა აქვს ძალიან ცოტა დრო, ის ელვის სისწრაფით აკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინის ომი დაამთავროს. მას არაფრად ადარდებს ევროკავშირის ბედი და უთხრა კიდეც ევროპას თქვენ თავად გადაირჩინეთ თქვენი თავი, მე თქვენთვის არ მცალიაო. ტრამპს დღეს ამერიკა ჰყავს გადასარჩენი, ესაა მისი მიზანი. ამიტომ ცდილობს, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა დაჯდეს სი ძინ პინთან და პუტინთან სალაპარაკოდ.

ოღონდ ტრამპს განსხვავებული მეთოდი აქვს. ის ძალიან ძლიერი მომლაპარაკებელია პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც და შეუძლია მოლაპარაკებების მაგიდასთან კარგად წარმართოს პროცესი, აქვს თავისი თავის იმედიც და გამოცდილებაც. როდესაც გაიმართება ეს სამმხრივი შეხვედრა, კიდევ უფრო მეტად გაიხსნება ბრჭყალები. ტრამპი დღევანდელ სიტუაციაში ამჯობინებს თანამშრომლობას ჩინეთთან და არა დაპირისპირებას," - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.