თქვენ გახსენდებათ ოდესმე, თბილისში, დილის საპროტესტო შეკრებები და აქციები? ეს ბევრ რამეზე ხომ მეტყველებს? უწყვეტია და ასე იქნება, ვიდრე დემოკრატიული წესწყობილება არ დამკვიდრდება სახელმწიფოში - ნიკა მელია

ნიკა მელია

მელიქიშვილის გამზირზე ვითარება უცვლელია - პოლიცია და დემონსტრანტები ერთმანეთის პირისპირ დგანან. გზა გადაკეტილია. ვითარება არის მშვიდი.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. დააანონსეს ე.წ. მობილური პროტესტი.

"თქვენ გახსენდებათ ოდესმე, თბილისში, დილის საპროტესტო შეკრებები და აქციები? ეს ბევრ რამეზე ხომ მეტყველებს? დილით, დღისით, ღამე, საღამოს, უწყვეტია და ასე იქნება, სანამ დემოკრატიული წესწყობილება არ დამკვიდრდება სახელმწიფოში, სანამ თავისუფლება არ გაიმარჯვებს", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" თავმჯდომარე, ნიკა მელია.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ პროტესტი სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა ფორმით ჩატარდება.

"არის ინტენსიური, სხვადასხვა ლოკაციებზე გაიმართება აქციები და არაპროგნოზირებადი აქციები იქნება, სახელწოდებას ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია, ვისაც როგორც უნდა ისე შეაფასოს პროტესტი. იდეაში ეს არის პროტესტი, რომელიც ძალიან ბევრ ლოკაციაზეა, სხვადასხვა ფორმით ჩატარდება.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა გახლავთ ახალი არჩევნების დანიშვნა, ოღონდ იმ გარანტიებით, რომ ეს არჩევნებია არ იქნება სპეცოპერაცია და იქნება ქართველი ხალხის ნება გამოხატული", - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი.