1793208150
თორნიკე ჭეიშვილი რადიკალებზე: დღეს მცდელობა იყო იმის, რომ მიზანმიმართულად დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ამ კონტექსტში გამოყენებული იყო აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის, დისკრიმინაციული ეპითეტები, ტერმინოლოგია
დღეს მცდელობა იყო იმის, რომ მიზანმიმართულად დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
ჭეიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ამ კონტექსტში გამოყენებული იყო აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის, დისკრიმინაციული ეპითეტები, ტერმინოლოგია.
„ყველაფერი ძალიან მოკლედ, ლაკონიურად შესაძლოა შეფასდეს როგორც ერთგვარი აგონიური ლოგორეა. თავად მოპასუხე მხარე ძალიან კარგად აცნობიერებს იმას, რომ რეალურად მას ჩადენილი აქვს არაკონსტიტუციური ქმედებების მთელი წყება. დღეს მცდელობა იყო იმის, რომ მიზანმიმართულად დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ამ კონტექსტში გამოყენებული იყო აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის, დისკრიმინაციული ეპითეტები, ტერმინოლოგია. ამით კიდევ ერთხელ შეეცადნენ ეს ადამიანები, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჩვენი იმ ასობით და ათასობით თანამოქალაქისათვის, რომელთა ისტორიები, რომელთა პირადი ტრაგედიები არის აღბეჭდილი სწორედაც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის ფურცლებზე“, - აღნიშნა მან.










