თორნიკე ჭეიშვილი: ის, რომ „ლელოსა“ და გახარიას პარტიის მიერ ნახევარი საარჩევნო მუნიციპალიტეტები ვაკანტურია, იმაზე მიუთითებს, თუ როგორ სუსტად გამოიყურება დღეს რადიკალური ოპოზიცია

თორნიკე ჭეიშვილი

იმ ოლქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც მათ ჰყავთ კანდიდატები წამოყენებული, აჯობებდა, რომ საერთოდ თავი შეეკავებინათ ამ კანდიდატების დასახელებისაგან, რადგან მწარე პოლიტიკური მარცხი გარანტირებული აქვთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენციაში ვერ შემოდის.

„ის, რომ „ლელოსა“ და გახარიას პარტიის მიერ ნახევარი საარჩევნო მუნიციპალიტეტები ვაკანტურად დარჩა, იმაზე მიუთითებს, თუ როგორ სუსტად გამოიყურება დღეს რადიკალური ოპოზიცია. საქართველოში. საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს რადიკალებმა, ეს ვერ იქნებოდა ხელშემშლელი გარემოება და ფაქტორი, იმ მიზანთან მიმართებით, რაც ჩვენ ჩვენი მხრივ გაცხადებული გვაქს და რაც გულისხმობს, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ გვექნება დამაჯერებელი გამარჯვება. ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება და პირიქით, რადიკალური ოპოზიციის მეათე საიუბილეო მარცხი“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, თითოეული სახელმწიფო უწყება, შესაბამისი ინსტიტუტები მობილიზებულები არიან იმისთვის, რომ არ დაუშვან არასამართლებრივი სცენარი და მცდელობა.

„ლელოს“ და გახარიას პარტიას, 30-ამდე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები არ დაუსახელებია.