1741761067
თორნიკე ჭეიშვილი: ის, რომ EED-ს მმართველი კომიტეტის წარმომადგენლები ამჟამად არიან ევროპარლამენტში და აქტიურად არიან ჩართულნი ამ ანტიქართულ საქმიანობაში, თავისთავად დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა

ის გარემოება, რომ EED-ს მმართველი კომიტეტის წარმომადგენლები ამჟამად არიან ევროპარლამენტში და აქტიურად არიან ჩართულნი ამ ანტიქართულ საქმიანობაში, თავისთავად დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
იგი ამგვარად გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველოს თემაზე ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის ტექსტის ავტორებს შორის EED-ს მმართველთა საბჭოს წევრებიც არიან.
თორნიკე ჭეიშვილმა გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ 2023 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომ მომხდარიყო EED-თან - დემოკრატიის ევროპულ ფონდთან მთელი რიგი საკითხების გარკვევა და გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროება.
„ამაზე იყო დუმილი, იყო ბლანკეტური პასუხი რამდენიმე თვის, რა შეიძლება, შეფასდეს, როგორც ამ ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარის თქმა, რომ თითქოსდა, EED იყო დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდა თავისი შიდა კორპორაციული მართვის სტანდარტი.
თუმცა, მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ EED-ს მმართველი კომიტეტის წარმომადგენლები ამჟამად არიან ევროპარლამენტში და აქტიურად არიან ჩართულნი ამ ანტიქართულ საქმიანობაში, თავისთავად დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.
ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება EED-მა ერთი მხრივ დააფინანსოს მისთვის სასურველი, მათ შორის კონკრეტული მედიაორგანიზაცია იქნება, „ენჯეო“ თუ სხვა მსგავსი აქტორი. მეორე მხრივ, ის პირები, რომლებიც დღეს EED-ში ქმნიან ამინდს, უკვე ევროპარლამენტის გავლით ცდილობენ იმას, რომ საქართველოში კონკრეტული მედიაორგანიზაციები დააზიანონ იმით, რომ იქ არის საუბარი რაღაც სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, გაშავების კამპანია არის დაწყებული.
ისევ და ისევ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან, რეალობის ფალსიფიკაციასთან”, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი განცხადებით, ამ ვითარებაში შეიძლება, მხოლოდ ერთი სურვილი დარჩეს ძალაში.
„რომ ადრე თუ გვიან ეს უსამართლობა, ეს მრუდე სარკეები მიეცეს დავიწყებას და ურთიერთობის ჯანსაღი რეგისტრი, რომელიც უნდა არსებობდეს ნებისმიერ ორ, ერთმანეთის პარტნიორ სახელმწიფოს თუ საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, კვლავ შემოვიდეს ძალაში“, - აღნიშნა დეპუტატმა.