თორნიკე ჭეიშვილი: ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი, რადიკალები არიან რეალობას მოწყვეტილი და თავის ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ. ცდილობენ, რომ ომობანას მორიგი ეტაპი გამართონ რუსთაველის გამზირზე, რასაც ჩვენ ვადევნებდით თვალყურს გასულ წელს

თორნიკე ჭეიშვილი

რაც უფრო მოახლოვდება კენჭისყრის დღე, მით უფრო მოუმატებენ ინტენსივობას მსგავსი აბსურდული ინსტრუქციების გაცემისა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც 4 ოქტომბერს მოქცევის წესებს აღწერს.

„ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი და წარმოაჩენს იმას, რომ რადიკალები არიან რეალობას მოწყვეტილი და თავის ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ. ცდილობენ, რომ ომობანას მორიგი ეტაპი გამართონ რუსთაველის გამზირზე, რასაც ჩვენ ვადევნებდით თვალყურს გასულ წელს. სახელმწიფო მზად არის იმისთვის, რომ ნებისმიერი არასამართლებრივი გზით მოხდეს არეულობის შემოტანა, ხელისუფლების შეცვლის მცდელობა და ა.შ. ამ ყველაფერს კანონის ფარგლებში უმკაცრესად გაეცეს პასუხი.

რამდენიმე კვირის მანძილზე ტრიალებს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გზით, კონკრეტული უნივერსიტეტების მეშვეობით შესაბამისი სქემების რეალიზება დაფინანსებასთან დაკავშირებით, რითაც ხდება სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების მობილიზება და ცდილობენ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს აურიონ თავგზა და ამ ფორმით ჩაითრიონ საკუთარ ძალადობრივ გეგმებში.

შედარებით მოწყვლადი კატეგორია აქვთ შერჩეული, რადგან შედარებით უმარტივდებათ მუშაობა არასრულწლოვანებთან. როგორც ჩანს აღარ ცდილობენ ამის დამალვას და რამდენადაც ცნობილია ამ სემინარებზე ხდება ძალადობის, ტერორიზმის და მსგავსი ქმედებების გარკვეული რომანტიზება. ამაზე სახელმწიფოს აუცილებლად ექნება პასუხი.

განათლების სისტემის რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, შესაბამისი კომისია მუშაობს მთავრობის დონეზე და ძალიან მალე კონკრეტული კონცეფცია იქნება ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილი, რაც იქნება პრევენციის მექანიზმი იმისა, რომ თუნდაც კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არ გამოიყენონ ინდოქტრინაციის ინსტრუმენტად“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.