თინა ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისიდან ფიზიოლოგიური ხსნარები, ნიღბები, ჩაფხუტები გაიტანეს

ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისიდან ფიზიოლოგიური ხსნარები, ნიღბები, ჩაფხუტები გაიტანეს.

ბოკუჩავას თქმით, მსგავსი მოქმედებების გამო კი არ შეეშინდებათ, არამედ კიდევ უფრო გააერთიანებთ ქვეყნისთვის ბრძოლაში.

„რუსული „ომონის“ დაჯგუფების წევრები, რომლებიც ახლა აქ არიან, უზრდელობენ, ფიზიკურად ძალადობენ, მათ შორის ქალებზე. ესეც არ გვიკვირს, რადგან არაერთი დაკავებულიც და ნაცემიც არის ქალი, ვიცით, რომ ამასაც არ ერიდება რუსული „ომონის“ კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მონური მორჩილებით ემსახურება ივანიშვილს. ამ წუთებში გამოაქვთ ფიზიოლოგიური ხსნარები, მანამდე გაიტანეს ნიღბები, ჩაფხუტები, რათა ახალგაზრდები დაზიანდნენ, ჩვენ ვერ გავუწიოთ დახმარება. ორ საათ-ნახევრიანი ჩხრეკა ჩატარდა, რათა ადამიანებმა ვერ შეძლონ დაცვა და ვერც ჩვენ შევძლოთ დახმარება. გუშინ გაიტაცეს ჩვენი მედპუნქტის კარავი, სადაც ადამიანებს ვეხმარებოდით. საქართველოს და ევროკავშირის დროშებიც წაიღეს და დამიჯერეთ, დავიბრუნებთ საქართველოს დროშასაც, მის სიამაყესაც, ევროკავშირის დროშასაც და ევროპულ მომავალსაც. ისე ჩაატარეს მთელი ჩხრეკა, რომ განჩინება ახლაც კი არ გვაჩვენეს. მინდა, რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ მსგავსი მოქმედებების გამო კი არ შეგვეშინდება, პირიქით, ეს უფრო გაგვაბრაზებს და, რაც მთავარია, კიდევ უფრო გაგვაერთიანებს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.