1730738460
თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილებამდე გაცილებით ადრე პოლიტიკურმა სუბიექტმა გააკეთა განცხადება, აქციაზე ვინც დგანან, ხომ უნდა მიხვდნენ, რომ ცუდ თამაშში არიან ჩართული - გია ვოლსკი
მოსამართლის გადაწყვეტილებამდე გაცილებით ადრე პოლიტიკურმა სუბიექტმა გააკეთა განცხადება. აქციაზე ვინც დგანან, ხომ უნდა მიხვდნენ, რომ ცუდ თამაშში არიან ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ტრაგედია და უბედურებაა, რომ მოსამართლის მანტიის ქვეშ არის ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნის დანგრევისთვის იღწვის.
„ვერც მოსამართლემ და ვერც ვერავინ ვერაფერი დაინახა, სამარცხვინო ექსპერიმენტი ჩატარდა. მოსამართლის პოლიტიკური განწყობა, წარსული ვიცით. მისი მეუღლე და მთელი ოჯახი „ნაცმოძრაობის“ აქტივია. ისინი გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, ტელევიზიის ეკრანების გამოყენებით ყივიან-წივიან – მოსამართლემ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება გააკეთა და თან აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ვინც ამბობს, რომ მაინც შეიძლება, წერტილი გამოჩნდეს ყდაში, რომელიც ამავე დროს ამოტრიალებულია, იმას უნდა ვუთხრათ, რომ ტანსაცმლის ქვეშ მაინც ჩანს, რომ შიშველია. როგორ შეიძლება, ადამიანები ასეთი სისულელით გამოკვებო, მით უმეტეს, ისეთი საპასუხისმგებლო კათედრიდან, რასაც მოსამართლეობა ჰქვია, ვერ წარმომიდგენია. არსებობს სააპელაციო სასამართლო და ცესკო ვალდებულია, დასაბუთება ღირსეულად წარმოადგინოს და არა ის, რომ ემოციაზე დაყრდნობილი განცხადება აკეთოს. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის განცხადებას, როცა ვლაპარაკობთ, რომ ეს მოსამართლე და მისი ოჯახის წევრები პოლიტიკურად ანგჟირებული არიან, ეს ბრალდება არ არის. ადამიანს შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური გემოვნება ჰქონდეს და ამას არავინ არავის ბრალად არ უყენებს, მაგრამ როცა ეს პოლიტიკური პოზიცია განაპირობებს იმას, რომ ჩართული ხარ ოპოზიციური სტრუქტურების თათბირებში, მათ აწვდი და უცვლი ინფორმაციას, რაზეც მოწმობს, რომ ერთ-ერთმა სუბიექტმა, ვისი სახელიც არ მინდა, დავასახელო, დიდი ხნით ადრე თქვა გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ მოგვიანებით სასამართლო დარბაზში გაახმოვანა, მან თავის და სასამართლოს ამ ნაწილის ავტორიტეტს თავი მოჭრა. ვითომ ექსპერიმენტი ჩაატარა და გვიმტკიცებდა, რომ ყდაში ჩადებული ბიულეტენიდან წერტილი ჩანდა. უფრო მეტიც, არა მხოლოდ წერტილი ჩანს, არამედ შეგიძლიათ, გაიგოთ, რომელი პარტიის დასახლების გვერდით არის დასმულიო. წარმოუდგენელია ამის გაკეთება და როცა ამას მოსამართლე აკეთებს. ვითარებას ისიც ამწვავებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებამდე გაცილებით ადრე პოლიტიკურმა სუბიექტმა გააკეთა განცხადება. ვინც აქციაზე დგანან, ხომ უნდა მიხვდნენ, რომ ცუდ თამაშში არიან ჩართული? – უნდათ, ახალგაზრდები მოატყუონ, აქციაზე მიიყვანონ, რომ იქნებ, შეჯახება მოხდეს. მით უმეტეს, თუ სისხლი დაიღვრება, ეს მათთვის უმეტესი მიღწევა იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით, №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გაუქმდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.