ბათუმის აეროპორტში, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის ჩხრეკის შედეგად, თხევადი საპნის შეფუთვაში მოთავსებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - შსს

სირენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად, თხევადი საპნის შეფუთვაში შენიღბულად მოთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ტეტრაჰიდროკანაბინოლის" შემცველი ნივთიერება ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.