1747854625
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე თეა ახვლედიანს მოუსმინეს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მოხსენება წარადგინა.
სახელმწიფო მინისტრმა, დახურული ფორმატის შეხვედრაზე, სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომებსა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე შესაძლებლობა გვქონდა სიღრმისეულად განგვეხილა შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები, რომლებიც ძირითადად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგებს უკავშირდება. მოხსენების წარდგენისას აქცენტი ორ პრიორიტეტულ მიმართულებაზე გამახვილდა. ეს შეეხებოდა, ერთი მხრივ, სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდობის როლის გაძლიერებასა და მათი ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე ჩვენ მიერ მხარდაჭერილ და დანერგილ ინიციატივებს და მეორე მხრივ, განხილვის ცალკე თემას წარმოადგენდა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც საქართველოში „წითელი ჯვრის“ ეგიდით ხორციელდება“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, პარლამენტის და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მჭიდრო თანამშრომლობით, საერთო მიზნის მისაღწევად, კონსოლიდირებული ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრმა სამშვიდობო პოლიტიკის განვითარების პერსპექტივებზე საინტერესო ინიციატივები წარადგინა, რომელთა განხილვაც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.