„ტერაბანკისა“ და სასტუმრო "ბილტმორის" გასხვისების პროცესთან ჩემი სახელის დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა და სიცრუის მორიგ ტირაჟირებას წარმოადგენს" - ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს

ვანო ჩხარტიშვილი

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ მედიაში მისი საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ტყუილია.

"ტვ პირველის" მიერ ჩემ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. არც "ტერაბანკისა" და არც სასტუმრო "ბილტმორის" შესაძლო გასხვისების პროცესში ვყოფილვარ ჩართული, არც შუამავლობა გამიწევია და არც სიუჟეტში დასახელებულ პირებთან მქონია შეხვედრა ამ საკითხზე.

ბოლო წლებია საქართველოში ჩემი საქმიანობა ძირითადად სოციალურ პროექტებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, როგორც ბიზნესმენს, კანონიერ საქმიანობასა და გარიგებებში მონაწილეობას არავინ მიკრძალავს.

არასოდეს დამიმალავს რომელიმე ბიზნესპროექტში ჩემი მონაწილეობა და არც მომავალში ვაპირებ ამის გაკეთებას. მით უმეტეს, საბანკო სექტორში საკუთრების ცვლილების გასაიდუმლოება შეუძლებელია - ასეთი გარიგება კანონით დადგენილ მარეგულირებელი სტრუქტურის მრავალსაფეხურიან შემოწმებას გადის და საჯაროა.

შესაბამისად, "ტერაბანკისა" და სასტუმრო "ბილტმორის" გასხვისების პროცესთან ჩემი სახელის დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა და "ტვ პირველის" მხრიდან სიცრუის მორიგ ტირაჟირებას წარმოადგენს", - აღნიშნავს ვანო ჩხარტიშვილი.