როდის უნდა ველოდოთ ტემპერატურის კლებას საქართველოში - რას ამბობს სინოპტიკოსი
27 წუთის წინ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლას საქართველოს მომავლისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
როგორც შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, ცალკეული ეპიზოდები, სისხლის სამართლის საქმეები ამ დანაშაულებთან დაკავშირებით არსებობს, მასალაც არსებობს და განაჩენებიც არის დამდგარი. მაგრამ ეს იქნება ერთიანი შეფასება, ერთიანი დოკუმენტი, რომელიც ფაქტებზე იქნება დაყრდნობილი და არა აღქმებზე.
მისი თქმით, დოკუმენტი, რომელსაც შეიმუშავებს საგამოძიებო კომისია, იქნება გამყარებული მტკიცებულებებით, ფაქტებით და მოწმეთა ჩვენებებით.
„ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს არის მთავარი, რომ თუ ასე სისტემურ დანაშაულს ჩაიდეს ვინმე, როდესმე ხელისუფლებაში, ის დაუსჯელი არასდროს დარჩება, ის შეუფასებელი არასდროს დარჩება, რა დროც არ უნდა გავიდეს და რაც არ უნდა მოხდეს.
ეს არ იქნება აღქმებზე და პოლიტიკურ მოსაზრებებზე დაყრდნობილი დასკვნა. ეს იქნება მტკიცებულებებით გამყარებული დასკვნა“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, მისთვის მოულოდნელი არ არის ოპონენტების კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის მიზანი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. მისი განცხადებით, ბუნებრივია მათ აქვთ მოლოდინი, რომ გამოაშკარავდება უფრო მეტი, ვიდრე საზოგადოებამ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმთან დაკავშირებით აქამდე იცოდა.
„სხვას არც მოველოდი. როგორ შეიძლება ის, ვინც შეიძლება იყოს ეჭვმიტანილი ან დამნაშავე, რომელსაც აქვს იმის მოლოდინი, რომ კიდევ უფრო მეტი რამე გამომზეურდება მათი ნამოქმედარი და მათ დანაშაულებს კიდევ უფრო მეტად აეხდება ფარდა, ისინი მიესალმონ ამ
კომისიის მუშაობას?!“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისივე განმარტებით, დღეს ოპონირებას ამ საკითხზე მმართველ გუნდს უწევს ის პარტია, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ჯარი 2008 ომის დროს სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.
ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის ხელმძღვანელად თეა წულუკიანი, მდივნად კი სოზარ სუბარი აირჩიეს.