თენგიზ შარმანაშვილი: საგამოძიებო კომისიის დასკვნაში „ნაციონალური მოძრაობის“ გადაცდომების ფართო სპექტრია, სარჩელის მიზანია, მომავალში მსგავსი საქმიანობა აღარ იყოს

თენგიზ შარმანაშვილი

დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის გადაცდომების ფართო სპექტრია, დასკვნა თავისი შინაარსით მძიმეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას გადამწყვეტი პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება, სარჩელის მიზანია, მომავალში მსგავსი საქმიანობა აღარ იყოს და საკითხს პრევენციული ხასიათი ჰქონდეს.

„საქართველოში პარტიების აკრძალვის მიზნით პროცესი პირველად ტარდება. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას გადამწყვეტი პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება. სარჩელის მიზანია, მომავალში ასეთი საქმიანობა აღარ იყოს და საკითხს პრევენციული ხასიათი ჰქონდეს. დროებითი კომისიის დასკვნაში ფართო სპექტრია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის გადაცდომების. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მძიმეა თავისი შინაარსით, ვიცოდით, რომ ადამიანის უფლებების მასობრივი შელახვა ხდებოდა, მაგრამ შემზარავი დეტალები გავიგეთ – რა ფორმით ხდებოდა ძალადობა, როგორ ლახავდნენ ადამიანის ღირსებას, როგორ აშანტაჟებდნენ შვილებით, რომ ქონება გადაეფორმებინათ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.