თენგიზ შარმანაშვილი: კონსტიტუციის მე-60 მუხლი ნათლად განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როდესაც იხილავს პარტიის არაკონსტიტუციურობის საკითხს, ამავე დროს ის უფლებამოსილია განიხილოს არჩეული პირების მანდატის გაუქმების საკითხიც

თენგიზ შარმანაშვილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტი ნათლად განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როდესაც იხილავს პარტიის არაკონსტიტუციურობის საკითხს, ამავე დროს ის უფლებამოსილია და განიხილავს უკვე არჩეული პირების მანდატის გაუქმების საკითხსაც, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

მან ისაუბრა, გიორგი გახარიასა და სხვა ოპოზიციური პარტიების არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, როგორ არის შესაძლებელი ვითარების შემდგომი განვითარება.

„ასე, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოზეა დამოკიდებული. თუ გახარიას პარტიის და სხვა პარტიების მიმართ საგამოძიებო კომისიის მასალებზე დაყრდნობით, რასაც ჩვენ დასკვნაში შევიტანთ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქმე წარიმართება, რა თქმა უნდა, დასახელებული საკონსტიტუციო მუხლიდან გამომდინარე, ორივე საკითხზე იქნება მსჯელობა - გახარიას ან ნებისმიერი სხვა პარტიის კონსტიტუციურობის და თუ უკვე არჩევით ორგანოში ჰყავთ წარმომადგენლები მათი უფლებამოსილების შეწყვეტისა და მანდატის გაუქმების შესახებ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.