1753297679
თენგიზ შარმანაშვილი: ანა დოლიძე იმ მასშტაბის პოლიტიკოსი არ არის, რომ გულის ფანცქალით ველოდოთ, რა სახის განცხადებას გააკეთებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს

ანა დოლიძე იმ მასშტაბის პოლიტიკოსი არ არის, რომ გულის ფანცქალით ველოდოთ, რა სახის განცხადებას გააკეთებს. ღმერთმა ხელი მოუმართოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში ეგოიზმი იმდენად დიდია, რომ შეიძლება, პატრონებმა მოუწოდონ ასე და ისე მოიქეცითო, მაგრამ ისინი ზიზღს და ეგოიზმს ვერ მალავენ.
„„დიფ სთეითი“ ამ ხალხს რას უბრძანებს, წადით და მონაწილეობა მიიღეთო, მეორეს ეტყვის, არ მიიღოთო, ამაზე ჩვენს გეგმებს ვერ ავაგებთ. ვისაც უნდა, მონაწილეობა მიიღოს და თავისი რეიტინგი გაზომოს. ჩვენთვის, ეს ყველაფერი რატომ კეთდება, ნათელია. მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება აირჩიოს. რადიკალურ ოპოზიციაში ეგოიზმი იმდენად დიდია, რომ შეიძლება, პატრონებმა მოუწოდონ ასე და ისე მოიქეცითო, მაგრამ ისინი ზიზღს და ეგოიზმს ვერ მალავენ. მათ როცა საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთის წინააღმდეგ პროპაგანდისტური ომი ეწარმოებინათ, როლები გადაენაწილებინათ, ზღვარიც ვეღარ დაიცვეს და ისეთი სიტყვები უწოდეს ერთმანეთს, წარმოუდგენელია“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
პარტიის „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 24 ივლისს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით. „გოჭებო, 17 წლის ასაკში ექვსი სკოლა და უბანი მაქვს გამოცვლილი, იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, ხუთოსანი რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი, ასე რომ, გამოუშვით, რაც გაქვთ, გესლი, ვიმატაოთ ცოტა“, – დაწერა ანა დოლიძემ.