ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1756669420
2012-2025 წლებში სახელმწიფოს მუდმივად უწევდა ისეთ გამოწვევასთან გამკლავება, როგორიც იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მრავალჯერადი მცდელობა, რომლის ძირითად შემსრულებლად დესტრუქციული ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გვევლინებოდნენ, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
წულუკიანის თქმით, დესტრუქციულმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა თითქმის სრულად დაიკავა ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რამაც მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება შეაფერხა ან შეუძლებლად აქცია.
„საგამოძიებო კომისიამ, მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილა და შეაფასა ყველა ის ძირითადი ფაქტი და ინფორმაცია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე დესტრუქციული ოპოზიციის – მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული ფიზიკური, თუ იურიდიული პირების საქმიანობას ეხება. საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა კომპეტენტურ პირებს, რომლებსაც ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ და შეაფასა მის ხელთ არსებული არაერთი ინფორმაცია. წინამდებარე დასკვნაში მოყვანილი ფაქტები მხოლოდ ნაწილია იმ მოვლენებისა, რომლებიც საქართველოში 2012-2025 წლებში განვითარდა. თუმცა, ისინი საკმარის საფუძველს იძლევა დასაბუთებული დასკვნისთვის, რომ 2012 წლიდან დღემდე, მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული ფიზიკური, თუ იურიდიული პირების დესტრუქციული საქმიანობის ფონზე, საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდა.
2012-2025 წლებში სახელმწიფოს მუდმივად უწევდა ისეთ გამოწვევასთან გამკლავება, როგორიც იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მრავალჯერადი მცდელობა, რომლის ძირითად შემსრულებლად დესტრუქციული ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გვევლინებოდნენ. ამის გამო, 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს არ მისცემია არცერთი პოლიტიკურად მშვიდი წელიწადი. დესტრუქციულმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა თითქმის სრულად დაიკავა ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რამაც მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება შეაფერხა ან შეუძლებლად აქცია. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2022 წლის თებერვლიდან სახელმწიფოს მოუწია ძალზედ მტკივნეული პროცესების დაძლევა და საქართველოს ომში ჩათრევის განუწყვეტელი მცდელობების მოგერიება“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის თქმით, „მის ხელთ არსებულ ფაქტებსა და ინფორმაციებზე დაყრდნობით, საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას, მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, როგორიცაა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციასა და კოალიციურ მმართველობაში მყოფი „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის““.
„საგამოძიებო კომისია განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 2012 წლიდან დღემდე პერიოდის კვლევამ ვერ გამოავლინა ვერცერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე მხარი დაუჭირეს თუნდაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ მმართველ ძალას. პირიქით, მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ გამხდარიყო და სხვა, ქვეყნისა და მისი მომავლისთვის სასიკეთო მიღწევები არ ჰქონოდა. უფრო მეტიც, გარე ძალების ნების შესაბამისად, მათ აწარმოეს და მონაწილეობა მიიღეს ომის პროპაგანდაში, რომელიც 2022 წელს მძვინვარებდა საქართველოში და დღესაც, გარკვეულწილად, აქტუალურია. ამით დესტრუქციულმა ძალებმა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხისათვის გაწირეს და არავითარი მონაწილეობა არ მიიღეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.