1765779758
თბილისის საკრებულოს დელეგაცია თურქეთში ქართული კულტურის ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა, რომლებიც სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებიან, ქართული კულტურის ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრები ასევე გაიმართა ორჰანგაზსა და ბურსაში მოქმედი ქართული კულტურის ასოციაციების ხელმძღვანელებთან და სტამბოლში არსებულ შოთა რუსთაველის ასოციაციის წარმომადგენლებთან.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ბექა დავითულიანი, თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და ამავე კომისიის წევრი გურამ ნიკოლაშვილი ასოციაციების მრავალწლიან საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და იმ გამოწვევებს გაეცნენ, რომელთა წინაშეც ქართული დიასპორა დგას. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ენის სწავლების პროგრამებს, ფოლკლორული ანსამბლების საქმიანობას, ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩართულობას კულტურულ პროცესებში. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, თურქეთში მოქმედი ქართული კულტურის ასოციაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივი ქართული თემის გაერთიანებაში და აქტიურად მონაწილეობენ როგორც თურქეთში, ისე საქართველოში გამართულ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დიდია ამ ორგანიზაციების წვლილი ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ტრადიციების შენარჩუნების საქმეში. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა ასოციაციების ხელმძღვანელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც გაგრძელდეს თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და კულტურული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებიც განიხილეს.
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ორჰანგაზის ქართული კულტურის ასოციაციასთან არსებულმა ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ოქრო“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის წევრებისთვის კონცერტი გამართა.
თბილისის საკრებულოს დელეგაცია თურქეთში ორჰანგაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციაციის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის მიზანი დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა და გაცვლითი პროექტების განხორციელებაა.











