1745863963
თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ თუ ვიზალიბერალიზაციის საკითხებს რაც შეეხება, ზუსტად ეს შანტაჟის ენაა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია ბრიუსელის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ თუ ვიზალიბერალიზაციის საკითხებს რაც შეეხება, ზუსტად ეს შანტაჟის ენაა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია ბრიუსელის მიმართ. ეს შანტაჟის ენა იყო იმის განმაპირობებელი, რომ 26 ოქტომბერს უპრეცედენტო რაოდენობის ამომრჩეველი გამოვიდა და დააფიქსირა თავისი აზრი, რომ არ მიიღებს შანტაჟის ენით საუბარს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას.
„სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს ბრიუსელმა, თუ სურს, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობები დაუბრუნოს იმ კალაპოტს, რომელიც ჩვენ გვინდა. საჭიროა, რომ გაიზიაროს, გააცნობიეროს ის კრიტიკული მოსაზრებები, თუ პრეტენზია, რომელიც ქართველ ხალხს აქვს ბრიუსელის მიმართ. მათ შორის ის, რომ ჩვენ მოველით თანასწორ ურთიერთობას ბრიუსელთან. ქართველ ხალხს აქვს გამოცდილება სხვადასხვა დედაქალაქებთან, ისტორიიდან გამომდინარე და თავისი ისტორიული ტკივილები. ამიტომაც არის, რომ ქართველ ხალხს აქვს სპეციფიკური ავერსია, როდესაც რომელიღაც დედაქალაქიდან არის მცდელობა, რომ მითითებები და დირექტივები წამოვიდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოეწყოს ჩვენი საზოგადოების თუ სახელმწიფოს შიდა საკითხები. მე იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ მნიშვნელოვანია კრიტიკული ანალიზი საკუთარი ნაბიჯების და ზუსტად ეს არის ევროპულობა. არა სხვებისკენ თითის გაშვერა, არამედ საკუთარი ქმედებების კრიტიკული ანალიზი და და ამის შესაბამისად მოქმედება.
ერთი საკითხია, რაც მე მაფიქრებს. როგორც ვნახე ეს ინტერვიუ რადიო „თავისუფლებას“ მისცა გაფართოების კომისარმა. ეს რადიო თავად არის პროპაგანდისტული მედია. ზუსტად ამიტომ არის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის შეწყვეტა. კითხვის ნიშანს იწვევს ის სიგნალები, რასაც ვგრძნობთ ბრიუსელიდან, რომ არის სურვილი ამერიკული პროპაგანდისტული მედია გადაიფორმოს ბრიუსელმა, როგორც საკუთარი მედია.
შეგახსენებთ, რომ რადიო თავისუფლებამ სულ ახლახან არა მხოლოდ პროპაგანდისტული, არამედ ფაშისტური ნარატივები გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ „მონა“ სიტყვის გამოყენებას აუბრალოებს და თითქოს ის რაღაც პოლიტიკური ტერმინოლოგიის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. მე ამას საჯაროდაც გამოვეხმაურე, თუმცა ეს პროპაგანდისტული მედია დაემალა პასუხებს ამ საკითხთან დაკავშირებით. სამარცხვინოა, როდესაც ამერიკული მედია სიტყვა „მონას“ იყენებს პოლიტიკურ კონტექსტში. გასაკვირია, რომ გარკვეული მცდელობები, რომ ეს მედია გადაიბაროს ევროპამ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.