ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება

ტატა ხვედელიანი

„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მისი პარტია საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

ხვედელიანის განმარტებით, მას შემდეგ, რაც „გახარია საქართველოსთვის“ წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხი პარლამენტში ყველა ეტაპს გაივლის, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ეს არის პროცედურული საკითხი. ჩვენ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბოიკოტის გზას ვირჩევთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებია. დაველოდოთ, კიდევ არის დარჩენილი ეტაპები, რომელიც ამ საკითხმა უნდა გაიაროს და ჩვენ შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. დღეს, როგორც ვიცი, გაიტანეს ბიუროზე, პლენალურ სხდომაზე გაიტანენ და შემდეგ დაამტკიცებენ, არ ვიცი. ყველაფერი მოსალოდნელია „ქართული ოცნებისგან“. ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში და ვიყენებთ ამ გზას“, – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გახარიას პარტიის საარჩევნო სიის მომდევნო 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა.

კერძოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა დასკვნის პროექტს გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. დასკვნის პროექტი განსახილველად ბიუროს გადაეცა.

გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს სადეპუტატო უფლებამოსილება 2 ივლისის სხდომაზე შეუწყვიტეს. „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველად საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დაასახელა.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია. სწორედ ამის საფუძველზე განიხილავს პარლამენტი გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხს.