თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის აქციებზე: ოპოზიცია პოლიტიკურად ავადაა, მათი აქციები თვითლიკვიდაციისკენაა მიმართული

თამარ ჩიბურდანიძე

„ოპოზიციამ საკუთარი თავი პერმანენტული აქციებით გამოფიტა და ეჭვი მეპარება, რომ მათ რიგებში დარჩა კადრი, ვინც კარგად იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, პოლიტოლოგმა თამარ ჩიბურდანიძემ. ჟურნალისტებთან საუბარში მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მხრიდან გამართულ პერმანენტულ აქციებზე, რომლის 666-ე დღის აღსანიშნავად დღეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი შეფასება გაკეთდა.

თამარ ჩიბურდანიძე ღრმადაა დარწმუნებული, რომ ოპოზიციის აქციები, პირველ რიგში, მათივე ამომრჩევლის გაღიზიანებას იწვევს, რადგან რადიკალები ხალხს ახალს არაფერს სთავაზობენ. ამ პირობებში კი, როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, პერმანენტული აქციები და ხელოვნური ბარიერები ოპოზიციის თვითლიკვიდაციის ტოლფასია.

„ოპოზიციამ, პირველ რიგში, პერმანენტული აქციებით საკუთარი თავი გამოფიტა და ეჭვი მეპარება, რომ მათ რიგებში დარჩა კადრი, ვინც კარგად იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები. თუკი პოლიტტექნოლოგიას მივყვებით, წესით, ასეთი მომაბეზრებელი აქციები და მასთან ერთად აქციების თემა და პროტესტიც ხუნდება, ძველდება, ხალხს სწყინდება და აუცილებელია სიახლე - ეს პოლიტიკის აქსიომაა. ეს მათ ალბათ არ იციან, ან ავიწყდებათ, ან ვინმეს შეცდომაში შეჰყავთ და შეგნებულად დაუკვეთეს ის, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი ბოლომდე გაანადგუროს. ერთადერთი, რასაც ამ პერმანენტული აქციებით მიაღწიეს, არის საკუთარ ამომრჩეველში უდიდესი აგრესია.

სარეაბილიტაციოდ გადაკეტილი რუსთაველის პირობებში, აქციებს მართავენ ორბელიანზე, შემდეგ გადაადგილდებიან ფეხით და დამატებით სირთულეებს უქმნიან ავტომობილებისა და ქვეითების გადაადგილებას. აქ გასაგებია მათი ამომრჩევლების აგრესიაც. ეს ავადმყოფური ქმედებაა, დაავადებაა და თუკი ვინმემ იცის პოლიტტექნოლოგიები და ხვდება, საითკენ მიდის ეს გზა, მან უნდა ურჩიოს მომიტინგეებს, სწრაფად შეწყვიტონ აქციები, რადგან ეს არის თვითლიკვიდაციის და თვითგანადგურების ტოლფასი. ისინი ამომრჩეველს ახალს ვერაფერს სთავაზობენ, ელექტორატს ანადგურებენ და ნელ-ნელა ხმებს კარგავენ“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.